ოქროს ფიცარზე – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 28.05.1918

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“, 1918, 9 ივნისი, №106

პოეზია, შემოქმედება

ოქროს ფიცარზე

რჩეულ თვეებში მე მიყვარდა მხოლოდ მაისი

და გაზაფხულმაც მომიტანა ვარდის თილისმა.

ზვიად წინაპრებს გადასძახა მეფურ თბილისში,

ოქროს ჩარდახთან ზეიმობდა დღეს ქუთაისი.

 

ჩემ ლურჯ ძარღვებში აჩუხჩუხდა თქეშად მარჯანი,

ქართლოსიანთა დაგვიბრუნდა ტახტი დიდების.

სხვისი საფარი არ გვჭირდება და ყავარჯენი, –

თვითვე იმეფებს გურჯისტანი ბაგრატიდების!

 

დიდ მოურავის ბაზალეთთან გმინვა მძაფრია

და ეს, ჭაბუკნო, აიძახებს თქვენში მჩქეფრობით;

მარაბდის ველზე სააკაძე მტერს ჩასაფრია,

მაგრამ თავადებს დაუჭრიათ გმირი შეფრობით…

 

ერეკლეს ლანდით აინთება მთა და კახეთი,

ჩვენთან დარჩება, რაც ოქროვან დროთა განძია: –

ტურფა მესხეთი რუსთაველის და ჯავახეთი,

ციხე-დარბაზი თამარისა – დიდი ვარძია!

 

მცხეთის ზარებში ჩვენ დაგვლოცავს ხმა ლამაზური,

კრწანისის დროშებს განუახლებს მზე ატლასობას

და კარპატებში თუ ვაწითლეთ ტბები მაზურის, –

დღეს საქართველო დაიმშვენებს ჩვენს ტანასობას!

 

აჰა, სარდალი! ფარ-შიმშერი და ასპარეზი…

ამაყ დარიალს გავუყაროთ რკინის რაზები;

არ შეჩერდება ოტომანის სნეულ მთვარეზე –

ჩვენი არმაზი მოთვალული მზის ფაზებით!…