გალექსილი შ. კარმელის მიერ. მუსიკა X
მოქმედი პირნი:
- დანტენ, პირველი მშიერი.
- ფრანსუა, მეორე მშიერი.
- კაკული, მეტრახრირე.
სცენა წარმოადგენს ტრახტირს.
სტოლი და სკამები.
I
კაკული (სუფრას ალაგებს).
შხამად და ბრაზად შეგერგოთ ჩემი შეჭმული მწვადები,
სანამდის უნდა ვარჩინო ოხერი არამზადები?
ვალით ხორაგსა ვყიდულობ, ღმერთმანი, ფულიც სხვისია,
აქ კი ძაღლები დავაძღო, ქაღალდზე ვწერო ნისია!
კაი საქმეა, თქვენმა მზემ, ქეიფი ნაზარხოშები…
ბიჭო, ერთ-ერთმა ქე მაინც მომეცით ცოტა გროშები!
მაგრამ ვის ველაპარაკო, კიდევაც ილანძღებიან, –
ვნახოთ, ტრახტირს რომ მივკეტავ, მაშინ სად გამოძღებიან!
(აიღებს თეფშებს, დანებს და გადის).
II
დანტენ (ათველიერებს იქაურობას).
სამი დღე-ღამე გავიდა, არ მიჭამია პურია,
არაქათ გამოლეული ვწანწალებ უბედურია.
ოჰ, ეს ოხერი მუცელიც შიმშილით სიმწარეშია,
ვაი, მიშველეთ, მიშველეთ…ძაღლიც კი არ არის ამ ჩემ დღეშია!
ვაიმე ლამის დავეცე!.. (უყურებს სტოლს) ამას რას ხედავს თვალები?
მგონი, აქ ვიღაც გამძღარა ბედისგან შენაბრალები (ჰკრებს ნამცეცებს)
ახ, ნეტამც ჩქარა მეარა, ჭამაზე შევესწრებოდი,
ერთ ლუკმას მიწყალობებდა, იმითი გამოვძღებოდი.
ახლა რაღა ვქნა? ვაიმე, წამერთო დგომის ძალია,
ისე ვფარფატებ, რომ ვინმეს ქეც ვეგონები მთვრალია!..
შუშისა მაინც მქონოდა მუცელი ოხერ-ტიალი…
რომ ყველას თვალით ენახა შიგ შიმშილისა ტრიალი…
ამ [საწყალმა და] ბეჩავმა უჭმელად სანამ იაროს
ეჰ, მოდი, ისევ ვიძინებ, რო კუჭზე გადამიაროს!..
(იძინებს. შემოდის ფრანსუა).
III
ფრანსუა
არაქათ გამოლეული უკანასკნელი ძალითა, –
ამის პირდაპირ ტრახტირში შევედი სიწანწალითა.
ი წყეულები, ოხრები, წინათაც არა მწყალობდენ,
ახალაც მიმიხვდენ, რომ ჯიბეს თაგვები ყირამალობდენ.
სთქვეს: „ რა გინდაო?“- ვუთხარი- თქვენი ლხენათქო ყველასი,
შორ აქედანო, მიყვირეს, დღე წახდა ცისარტყელასი,
და შემიზილეს მუშტებით გატყავებული გვერდები,
ვაიმე, ვაი, რა მტკივა… ახლაც სიმწარით ვშტერდები!..
ძლივს აქ მოველი, რომ ვყნოსო კუჭის ია და ვარდები,
თორემ, ეჰ, მეტი არ ძალმიძს, შავ წყალში გადავარდები!..
დანტენ. შე..მწვა..რი…
ფრანსუა. ვიღაც ყოფილა..
დანტენ. ხაში… ხაშლამა…
ფრანსუა. ცხელია…
დანტენ. ქუფთა… ბოზბაში…
ფრანსუა. იფ..იფ..ფ.. ღმერთო, რა სანატრელია!..
ამის მუცელი სწორედა პატრონს არ დაემდურება,
მოდი, ერთს მაგრად ჩავახველ, ხმადაბლა არ ეყურება,
იქნება, გამოიღვიძოს , შემხედავს, შევებრალები…
თორემ ეს არის გავთავდი, სიკვდილმა მომდვა ბრჭყალები.
(ახველებს).
დანტენ. ჟა…ჟა…ჟარკოი …ვა, შეხე,
ადამიანი ყოფილა…
აბა, ბედს თუ არ ვეწიო, დღე ჩემთვის გამოწყობილა.
ფრანსუა. თქვენმა მზემ, კაცი მეცნობა , სულ დანტეს უგავს თვალები.
დანტენ. რა ვქნა… ფრანსუა არ არის?
ფრანსუა. ო, დანტენ გენაცვალები!.. (ეცემიან).
ორივე. ადექი, ნუ გეშინია, ხელებს რად მხვევდი, ახია…
ფრანსუა. რამდენი წელიწადია, დანტენი არ მინახია?
ერთი დაბრძანდი, დანტეჯან, მიამბე საქმე ძველია.
დანტენ. (იქით) ბიჭოს, მპატიჟობს კიდევაც… (ფრანსუას)
აგერ, ორმოცი წელია!..
ფრანსო. (იქით) ვაჰ, ამის ჭკუას დახედეთ? [ორმოც…]
თვით ოცდაათის ძლივს არის [ მტყუან…]
(იმას) დანტენ, აქ როგორ მოხვედი ჰაერში [ოქ…]
დანტენ. პირდაპირ შემოვიარე, გულმა მიაზრა ყოველი,
მაგრამ შენ სიდან მოხველი?
ფრანსუა. მეც ისე შემოვიარე…
სხვა, როგორა ხარ, დანტენჯან, ფიქრები გამიზიარე.
დანტენ. ეჰ, კაი დღეში არა ვარ ფრანსოჯან ქვეყანაზედა,
ორმოცი ცალი ათასი ბამბა დავღუპე ზღვაზედა!..
(იქით). ინებ მართალი ეგონოს, მოიღოს რამე წყალობა.
ფრანსუა. ეჰ, კაი დღეში არც მე ვარ, მზემ იწყო სხივთა მკრთალობა.
ამერიკაში დუქნები, მაღაზიები ფულისა
სულ ერთიანად დამეწვა, ნუგეში ფრანსოს გულისა!…
დანტენ. (მღერის)
ბედი კარზედა მომსვლია, არ მომიკვდება თავია.
აბა, ჩვენს ფრანსოს დახედეთ, საამო სანახავია,
თურმე დუქნები ქონია, თხუთმეტი მილიონოსა?
ვაი, დამწვარო სიმდიდრევ, ვინ არის შენი ღონისა?
ქეიფი სწიე, დანტეო,
თავი ნუ გაიზანტეო,
გუნება შეიცვალეო,
სავსე სტაქანი სცალეო.
ფრანსუა. ბედი კარზედა მომსვლია, დღეც კარგი გამთენებია,
ჩვენს დანტეს როცა ვუყურებ, მეტ სიყვარულით ვდნებია,
ვაჟკაცი არის საქები, კეთილი საქმის წევრია,
ურიცხვი ბამბა ქონია, ფულიც ექნება ბევრია.
ქეიფი სწიე, ფრანსოვო,
გუნება შეიცვალეო,
სავსე სტაქნები სცალეო.
დანტენ. ეე, მაშ შენც?..
[…………………………………………………………..]
ორივე. მაშ, ვჭამოთ, ვჭამოთ, ახლავეს აგვისრულდება წადილი,
მაშ, დავსხდეთ… ტრახ…ტრახ..ტრახტირჩიკ, სადა ხარ გიცდით, გელითა.
ხმა კაკულასი. აქ ვარ, რა გნებავსთ?
ორნივე. კარტიჩკა მოიტა ორივ ხელითა.
ხმა კაკულასი. ახლავეს (შემოდის).
IV
კაკული. აბა, ინებეთ
ფრანსუა. (კითხულობენ) სუპი.
დანტენ. ხბოს ხორცი (კარტიჩკას ერთმანეთს აწვდიან).
ფრანსუა. მამალი
დანტენ. ღორის ხაშლამა.
ფრანსუა. დედალი ნიგვზიან წვენში ნაშალი.
კაკული. გნებავთ, ჟარკოიც მოგართვათ?
დანტენ. მაშა, ჟარკოიც ნახური.
კაკული. ღვინოს კი არა მიირთმევთ?
ორივე. არაყი, ღვინოც კახური.
კაკული. ყველაფერს ახლავ მოგართმევთ (გადის).
ფრანსუა. კარგი სადილი გვქონია,
დანტეჯან, აბა, უღვინოთ სადილი გაგიგონია?
დანტენ. იცი, რა არის?
ფრანსუა. რა იყო?
დანტენ. სხვადასხვა შვილნი მხრისანი
ასე სად შევიყარენით, ორივე ერთი ჭკვისანი,
აბა, თუ მეტყვი მიზეზსა?
ფრანსუა. მიზეზი ის არს, მგონია,
რომ ახლა ჩვენი მუცლები
ერთგვარად დანაღორია…
[…] შენი ვაცხონე, მიზეზიც ეგ არს სწორედა,
[…] აბა, მიირთვით, მიირთვით, ფიქრები განიშორედა,
ფრანსუა. აი, ღმერთმა გყოს დღეგრძელი, ძმობილო, შენი სახელი?
კაკული. კაკული..
დანტენ. აი, სახელი – ტრახტირჩიკისა მსახველი.
კაკული. ოდეს ისმენდე კაკუნსა საუცხოვოსა –
იცოდე, ა ის გეძახის, მიართვი, რაც რომ გთხოვოსა!..
კაკული. ვიცი, გენაცვა, რიგება, აბა, რა საკადრისია
(იქით) მხოლოდ ფულები ჩამოდით, არ დაიწეროს ნისია.
(გადის).
ფრანსუა. იფ…იფ.. რა გემრიელია, ო, სულო გახარებულხარ,
(იქით) ქვას შევჭამ ამას კი არა, (დანტენს) დანტენ, რას გაჩუმებულხარ?
დანტენ. (ხელს აქნევს).
ფრანსუა. დანტენ, სთქვი რამე, გენაცვა, შენით ეს გული მთვრალია,
დანტენ. ჭამის დროს სიტყვები, ხომ იცი, სისაღის მაზარალია.
ფრანსუა. ბარემ ასე სთქვი, სჯობია, მუცლისთვის არსთქო ზარალი.
დანტენ. შენ, როგორ გინდა, გაიგე „ჰარი ჰარალე, ჰარალი“.
ფრანსუა. ეს შენი სადღეგრძელოა, დანტენ, დაგიტკბენ დღენია.
დანტენ. (ართმევს ჭიქას) როგორ იქნება, ფრანსუა, ეს სადღეგრძოლო შენია.
ფრანსუა. (ართმევს) არა, შენია დანტეჯან, აქ დღეგრძელობა პირველი.
დანტენ. (ართმევს) აბა, ეგ როგორ იქნება – საქმეა გასაკვირველი,
ასეთ პატივს მცემ და ჩემი შენ სადღეგრძელო დალიო?
იცოცხლე, ღმერთმა გაჩუქოს ფულები სადღეხვალიო!.
ფრანსუა. (იქით) ეს რას მიქარავს, ვაი თუ ფიქრი აქვს უკუღმართული.
(იმას) რას ბრძანებ, შენგან მოწვევა მე რომ მივიღე ქართული,
მას მერე მე არ მეკუთვნის, რომ სადღეგრძელო დავლიო?
დანტენ. (იქით) მოდი, ვირს ეცი პატივი და ჭკუას ნუ ისწავლიო,
ამერიკელი ვაჭარი, მდიდარი სასიკვდილოთა
ჩემ დამპალ ჯიბის იმედზე, აქ მოდის სასადილოთა.
(იმას) აბა, ფრანსუა, ხომ იცი გემრიელ პურის ჭამაში
კარგი სიმღერა შეშვენის და კარგი კოხტა თამაში.
მღერიან = კუპლეტები =
პირველი სიმღერის კუპლეტი
ამ ჩვენ დალოცვილ მხარეში
ყველა ბრძენთავა ბატია,
ყველგან უაზროდ ღრიალებს
ცოციალ დემოკრატია!
ქუჩის ჯიბგირი ოხერი
წანწალა პროლეტარები,
დღეს ქვეყნის მართველებია –
ფულებით ნანეტარები.
თბილ-თბილ ადგილებს რად ეძებს
ხალხის სიკეთის მდომია,
არ იქნა და ვერ წამოცდათ
პირიდან „ანტომოია“.
გუშინ ხალხს ეუბნებოდენ
ეგ „ბატონყმობა“ არიო –
დღეს ვიღას უთხრას, დაუჭით
ანტონომიას მხარიო!?..
ხომ წაუხდებათ „ერთობა“
ხალხისგან შენაყვარები
და მაშინ სადღა გამოვძღენ
- ფრანსოჯან, 2. დანტენჯან , პროლეტარები?!
ფრანსუა. შენი ჭირიმე [დანტ…]
და მეკი თუნდა ხელებთან ფეხებიც გადამტეხია,
(იქით) ოღონდაც რამეს გამოვრჩე, შევადგე ზურგზე კეხიცა,
თორემ ხელთან და კისერთან გადამტვრევია ფეხიცა…
დანტენ. კარგი მეგობრის პატიჟიც, რადგანაც შენი წესია,
აწი, ფრანსოჯან, შექება მე გითხრა უკეთესია.
ჩემო კეკლუცო ტრფიალო, იმედო მომავალისა,
შენ მარტო ერთი წამწამიც ნუ აგტკივნია თვალისა,
შენ ერთი წამი ქვეყნადა თუ გიცხოვრია წვალებით
და მე თუნდა ახლა აქავე დავბრმავდე ორივ თვალებით,
შენ ერთი თმისა ნაწყვეტიც თავზედა ნუ დაგკლებია,
და მე კი თუნდა ეს თავი ერთიან დამქაჩლებია!..
(იქით) ოღონდაც ერთი გამაძღე, შენს ხარჯზე შენი მკობია,
(მას) მაგრამ ამაებს, ფრანსოჯან, ისევ სიმღერა სჯობია.
(მღერიან კუპლეტებს).
მეორე სიმღერის კუპლეტები
„შუქურ ვარსკვლავთა“ პარტია
და მათი ფედერაცია –
ვეღარ გავიგეთ ვინ არი
ან სიდაური კაცია!?
ბევრჯერ მოადვეს ზურგზედა
გახურებული კეტები,
ბევრიც მოაკლდათ „წამებულთ
პარტიულ სახლის სვეტები.
მაგრამ არ ტეხენ ეხტიბარს
და სოციალიზაციას
ძალით ახვევენ თავზედა
გლეხებსა და მთელ ნაციას.
აბა, ისევეს მათ ზურგზე
გახურებული კეტები,
მართალი უთხრა ვასილმა (წერეთელმა),
გაწყდებით გასაწყვეტები!..
ეროვნულ დემოკრატია
და მათი ბურჯუაზია
იზრდება სამ-სამ წუთობით
უნდა ჩაყლაპონ აზია.
უყვართ გლეხები, ვაჭრები,
თავადი, ბერი მღვდელია,
მაგათი საქმეც რომა ვსთქვათ,
ღმერთმანი საკვირველია! –
მომავალ საქართველოსთვის
ფარგლავენ ტერიტორიას –
რუსეთს, სათათრეთს, სომხეთსა
ციმბირს და შერნოგორიას!
ბრძოლაში მტერზე მიუძღვით
თამარის დროშის გმირია,
რომ არ სოციალისტობენ,
ესეც კი კარგი ჭირია!…
დანტენ. დროს გატარება, ქეიფიც, აი, რომ ჰქვიან ამასო,
მადლი აქვს, ფრანსო, ღმერთმანი, შენთან შენ ხარჯზე ჭამასო.
დროს კარგს ვატარებთ, ჩვენია ქათმის ბარკალი მსუქანი.
VI
კაკული. დროს კარგს ატარებ მაგრამ აწ უნდა დავკეტო დუქანი.
ფრანსუა. დაკეტო?!..
დანტენ. ფრთონა მოვიდა, ვაი ამ საათს შიშია…
ფრანსუა. ერთგულო დანტენ, ხომ იცი…
კაკული, მოგართვათ ანგარიშია?..
ფრანსო. მე რომ მდიდარი ვიყავი, ამერიკაში სხვა მოდა…
დანტენ. ანგარიშს გთხოვდა (ხელით იქით)
თავიც გიხლია ქვაზედა.
[…] ჩემი ურიცხვი ფულები…
[…] რომ ამბობს, ფულზედა
ანგარიშს ითხოვს, მიეცი
[…] რჯულზედა….
ფრანსო. ხედავ, ამ კაცმა გაიგო, ასეა მაგის ჯიშია…
დანტენ. ვსვათ, მე ვერ მივხვდი. მან მიხვდა, მიეცი ანგარიშია.
თავმოყვარეა ფრანსუა, კაკული, ნუ აწყენიებ…
კაკული. რას ჯავრობთ, აი, ანგარიშს ახლავე მოგირბენინებ…
ფრანსუა. გახსოვს, დანტენჯან, რომ შენთვის
ხელებს ვიმტვრევდი გმირულად? (იქით)
უნდა მალმალე ვახსენო, რომ მზად ვარ თავგანწირულად…
დანტენ. ვა , მე ხომ შენი გულისთვის
ვითხრიდი ორსავს თვალებსა…
(იქით) სახეს ეტყობა სიამე, ეს გადაიხდის ვალებსა.
VII
კაკული. ინებეთ, ამხანაგებო, ზედ ანგარიში სწერია (აძლევს ქაღალდს)
დ. შენ წადი ტრახ…ტრახ…ტრახტირჩიკ, გასინჯვა ჩვენი ჯერია.
კ. მივდივარ, პროლეტარებო, მივდივარ, მივეჩქარები,
მალე, ნახარჯი ჩამოდით, უნდა დავკეტო კარები (გადის).
ფ. (სინჯავს) ვა, სუპი ვჭამეთ?
დ. არ ვიცი… (სინჯავს) ქათამიც შეგვიჭამია?…
ფ. არ ვიცი… მაგი შენ უფრო გეცოდინება, ძამია!..
დ. ღვინო, არაყიც დავლიეთ?..
ფ. რაც რომ ქაღალდზე სწერია,
ვითომ დანტენჯან შესჭამე? განა ეს დასაჯერია?!
დ. რა ვიცი, მადა არა მაქვს… აქ ვიჯექ უგემურადა…
ალბათ, ფრანსუა, ისევ შენ შესჭამე უნებურადა…
(ერთმანეთს ზურგს აქცევენ)
ფრ. დანტენ!
დ. ჩორუმცა!
ფრ. ქაღალდი უნდა გასინჯო, რიგია…
დ. შენ უნდა ნახო!
ფრ. დიახ, შენ, შენ უფრო კარგად გიგია!
დ. მე უნდა ვნახო?
ფრ. მაშ, კარგი, მე ვნახავ, დანტენ მთვრალია…
როგორ იქნება, პატივს გცემ, ქაღალდის სინჯვა ბრალია.
დ. არა, მოიცა, მე ვნახავ…
ფრ. აიღე, ნება შენია,
მე აქ გავივლი, ვაიმე, ტკივილმა გამიხსენია (ფერდებზე იდებს ხელს).
დ. კისერიც მოგტყდეს ფერდებთან, ამ სატრახტიროს კიბეზე,
გატყობდი, თვალი გეჭირა ამ ჩემს დახვრეტილ ჯიბეზე
( სინჯავს ანგარიშს, მერე ჯიბეს) ვაიმე ჯიბეც არა მაქვს , სუნიც არა სდის ფულისა.
(შიგ გაყოფს ხელს) მოდი, პირდაპირ გავუმხელ, სჯობია გახსნა გულისა.
ბევრი მაგგვარი მუტრუკი ლათაიებით ღორდება,
ცოტათი შევეცოდები, ტრახტირჩიკს გაუსწორდება.
(მას) ფრანსო, ფრანსუა!
ფ. რა გინდა?
დ. მოდი, მსურს გითხრა რამეო…
ფ. სთქვი რაღაღა…
დ. ვაი, მრცხვენია, ახ, ნეტამც იყოს ღამეო…
ფ. სთქვი, რის გცხვენია…
დ. რის და თქმის…
ფ. გაბედე, ნუღარ გცხვენია..
დ. ვაი ფრასოჯან, რაღა ვქნა, სახლი პორტმანში მრჩენია…
ფ. თავიც ქვისათვის გიხლია, ზედ ტვინიც მიგისრესია.
(მას) კარგი, მე მივცემ.
დ. მიეცი. მიცემა შენი წესია…
ფ. ტყვილად არ ვეძებ. სად არის ამერიკული ფულები,
პირდაპირ ვეტყვი, გავტყდები, კრიზისი კრიტიკულია!..
დანტენ, დანტენჯან
დ. ზაჰრუმალ! შენცა?
<აკლია
ფ. ჰო, მეცა… ისეო
დ. რა ვქნათ?
ფ. რაიმე ვიფიქროთ, დაფიქრდი ისინდისეო.
დ. ვიფიქროდ ( ფიქრობენ) ფრანსო! (ხელს დაკრავს).
ფრ. რა იყო?
დ. აზრი ენაზე მადგება..
ტრახტირჩიკს ვეტყვი, რომ… მაგრამ არა, არ გამოგვადგება…
ფ. (უცებ). დანტენ, დანტენჯან, ტრახტირჩიკს… გესმის, უთვალო,
ვით ხარი (ყურში ჩუმად რაღაცას ეუბნება).
დ. კაცო, გოგრიდან ეგ აზრი როგორ ამოძვრა, მითხარი
ორივენი. ტრახტირჩიკ… ტრახ… ტრახ… ტრახტირჩიკ…
VIII
(შემორბის კაკული გაკვირვებული)
კაკული. რა იყო, მიწუხს გულია..
ორივენი. მოდი, აქ მოდი ჩემთანა, მიიღე ჭამის ფულია…
კაკ. ვის გამოვართვა?
დ. მე, კაცო.
ფ. არა, მე მოგცე, სჯობია…
დ. ნუ ვირისთავობ. გაჩერდი, მოგინდა, ხურუშობ.
მე კაცს საჭმელი მოვთხოვე …
ფ. ეგ სიტყვა ორჭოფულია!
დ. მაშასადამე, ტრახტირჩიკს მე უნდა მივცე ფულია.
(დიდხანს ჩხუბობენ)
კ. კაცო, რას ჩხუბობთ, დამაცა,
არა ხართ ქრისტიანები?..
ერთ კაი სიტყვას მოგიჭრით…
შეჩერდით, ღიზიანები…
მოდი, კენჭსა ვყრი, ან არა, მე ამიხვიეთ თვალები,
ვინც დავიჭირო თქვენ ორში, მან გადიხადოს ვალები!..
(ორივეს) აძლევს ხელსახოცს.
იფ… ეგ ძალიან კარგია… (უხვევენ თვალებს),
ეს ღამე დაიხსომიე.
აბა, დაიწყე… დაიწყე
ფრანსუა. ადიე… (ერთმანეთს კოცნიან).
დანტენ. სპერანცომიე… (გავლენ).
კაკული. ვა.. სად ხართ, შორ ნუ იმალვით..
ჰა, დაგიჭირე, ძამია (სკამს იჭერს).
აბა, ჩამოდი ფულები (თვალს იხსნის).
ვაიმე.. ეს ხომ სკამია…
ეხ, როგორ გამოვსულელდი…
ღვინო.. ქათამი კრაკული…
ორი მშიერის ოინიც…
ახმახ.. კაკული, კაკული!..
ფარდა.