ვალერიან გაფრინდაშვილს
მხრებზე მოიგდეს აჩრდილებმა წამოსასხმი,
ქარულ ჯირითში მოიარეს ყველა ტოტები.
კვლავ გარეტებას მთვარეები: ღვრიან… ასხამენ…
და კვლავ მოქრიან თავგანწირვით დონ-კიხოტები!
ჭრელ არლეკინთან კოლომბინამ რომ იცბიეროს,
ჩაიცვამს ნიღაბს მრუშ სარკეში მისი პროფილი.
თეთრ ბალახანით გადაიყვანს მთვარე პიეროს
და მეოცნებეს შეუყეფებს მეფისტოფელი!
ამ აჯანყებულ საღამოში იმუქრებიან:
ძველი ჩონჩხები ჩირაღებით გაშლილ მდელოზე…
ჩნდებიან ხმლებით ჰამლეტები და კვლავ ქრებიან…
და ფიქრებია წელგაფატრულ შავ ოტელოზე!..
აპარებს დანას თავისმკვლელი… ვიღაც მტყუანი…
შიში მხიარულ გაგიჟებით და კარნავალი…
დაითრევს ქალებს საროსკიპოთ თვით დონ-ჟუანი
და კორსოს ქუჩებს დანებდება უფრო მრავალი.
მაგრამ გრიგალი წამოუშენს სტუმრებს რაპირებს.
აჩეხილ ნიღაბს ყრუდ ჰფანტავენ უსახლკარონი…
გაშიშვლებულნი ასხდებიან სტიქსის ნაპირებს
და უმადურად გადაზიდავს ყველას ხარონი!..