ღამის დარბაზში მოიღალა ლხინი მარადი.
დედოფალს მთვარე ფანჯრებიდან ორეულს უდრის.
დაკრთის ლეილა ვარსკვლავედში ნაზ-ნარნარადი
და შუშპარობენ სეფექალნი დათოვილ პუდრის.
ანთებულ ჯიბრით მარულაში ვხედავ პარიკებს,
დაციცნათელობს ბანოვანი მეჭორხაბარე.
ნაღდი ზარხოში ყომარბაზებს ათოხარიკებს,
ნელა იწვება და ზეიმობს მთვარის კაბარე!
მწყობრ მუსიკაში ჩატმასნილი ცხელი კადრილი
ახმაურებულ სურნელებით ჰაერს აბრუებს;
და მეფისქალი მბრძანებელი და უკადრელი,
გედურ ქევქევით სხვა მროკველებს აბიაბრუებს.
სარკულ ჩვენებათ მოლანდაობს მისი აზღუდი.
ცქერის ტალღები ეჯახება მკერდის ფიორდებს.
ოქროსხმულ ქოშებს ამბეურებს ფეხი ნაზღუდი,-
როცა იტაცებს ჩუმ ჯირითში ნაზ ხარდიორდებს.
ვნებიან ქალებს ერკალება გუნდი კერშილი…
აგიჟებს დარბაზს ავხორცობა, მძაფრი დათრობა: –
ტახტის ამალა წუთს დარაჯობს თვალდაგერშილი,
მაგრამ ანელებს კვლავ თავადებს მეფის ხათრობა!
ჩვიდმეტ ზამბახათ დაიშალა თეთრი ფერხული,
მაგრამ ერთს ზამბახს აფოთლია ფიქრთა ხვანჯები.
ჩემი დუმილი სასახლეში დღეს უხერხული,-
თორემ ბედია ლეილასთვის რომ ვიტანჯები!
ვუფიანდაზე ნარდ-კინამო და კამელია.
ის ვარდულ ბილიკს მოკრთალებით ქოშებს ახუტებს;
ლურჯ ტრფიალისთვის ყვავილები არ დამელია,
ცრემლებით ვავსებ მათ გაბურღულ ნექტრის ხახუტებს.
ალერსის ფანდი ტანმოღალულს არ აგულისებს;
(მე მას დიდება ხავერდული არ დავაკელი),
მაგრამ ნელინელ მიეფარა მწვანე კულისებს, –
ფანჯრებში ქრება მუქ ფარილით მთვარის ფაკელი.
მალე, მუტრიბნო! მეფისქალი ზეიმს შორდება!..
ჩუმ განშორების აახუვლეთ ჩანგი-ნაღანა…
მარგალიტები ჩვენს თვალებში ახოშორდება,-
ყრუ მისტერია დღეს ლეილას ეარმაღანა.
ბატონიშვილებს მოუმარჯვეთ ცხენთა ჩალიჩი.
იანვრის ქარი გვირგვინოსნებს ვერ გაგვაციებს;
იშლება ველი საჯირითოდ მონახალიჩი, –
მივსდიოთ ყველამ მეფისქალის ლანდურ გრაციებს!..