მარაო – ლოტოსი – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1920

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

მარაო – ლოტოსი

შეაშრიალებ ლოტოსს – მარაოს

და გადაფანტავ ხელის ფირუზებს.

მე მომაგონებს სიტყვა ფარაონს,

ცხელ სიკომორებს და პაპირუსებს.

 

ვით გახელება სავსე მოზვერის,

რითმამ ავხორცად კვლავ მიმიზიდა.

დგება ეგვიპტე – მკაცრი ოზირის,

რა – ლაჟვარდიდან, ღმერთთა იზიდა.

 

მოდის ფარაონ წმიდა ლხინებით,

ვით ქანდაკება მარმარილოსი.

თავზე წამოხრილ ბალდახინებით –

მას ნელა ჰსარკავს ცისფრად ნილოსი.

 

სფინსქში ჩასმული ჰყავს ორეული.

იმარადისებს მისი მგვანება.

იეროგლიფებს ჩავცქერ სნეული

და ნიშა ხარი მოექანება.

 

ქვათლილ ტაძრებში მზის ქურუმია,

ბრძოლა ეტლებით, ლომი, ქოფაკი,

ნაყიდი ცრემლი, უშნო მუმია,

პირამიდები და სარკოფაგი.

 

სამიათას წლის რამზესი შავი

მინის ყუთიდან შეგცქერს ავნებით.

მიჰქრის გრიგალში ლანდების შვავი,

სხვა ქვეყნის ლანდთა სხვა ქარავნებით.