ლექსები – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1923 წლამდე

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 29342-8-1.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ლექსები

* * *

სიდგან გამოდის ეს ტკბილი ხმები,

სმენის დამტკბობი გასაოცარი,

სიდგან მოისმის ნაზი სიტყვები,

გულში ჩამწვდომი და გასახარი

 

სიდგან მოვიდა ესე ვაჟკაცი,

იარაღ-შესხმულ სარო ტანადი,

ეტყობა, ძლიერ არის მამაცი

და შავთა დღეთა გამონაცადი.

 

შორიდან არის დაბრუნებული,

დიდის ხანისა ჯარს წაყვანილი,

დაბრუნდა შინა გამარჯვებული,

თუმცა შუახნისა, აწ კი ყმაწვილი.

 

ნახა დიდი ხნის დატოვებული

ცოლი და შვილი ობლად დაყრილი,

შეექნათ ყველას მუნ სიყვარული,

ვიღას ახსოვდა ძველი ტკივილი.

 

* * *

რას მიმზადებ, სოფელო, მე გამოუცდელს

და რას შემამთხვევ ნორჩსა ყრმასა საშინელს.

ნუთუ გსურს ადრე დააჭკნო სიყმაწვილე

და მომისპო უდროოდ ნაზი სიცოცხლე,

 

ან წარმიტაცო მრუდე გზისა სავალზე,

ვერ გავარჩიო, გადამაკრა ბინდი თვალზე.

ვიარ მასზე მთელ სიცოცხლეში მენა,

ბოლოს მომსპო, დამცინო, უწყალო შენა.

 

თუ  სხვა რასმე მაძლევ მე კარგსა მიზანსა

და დამანახებ შენსა დღესა მზიანსა

წინ გადმიშლი გლახასა, კარგსა საცნობათ

ადამიანნი შემხვდებიან მე გრძნობათ.

 

მაგრამ სულ ერთი არი, უნდა დალიო

ამა ცხოვრების დღენი ვით წამალიო,

და ის არა სჯობს, რომ მაინც იმუშავო,

თუ გინდა უდროდ არ მოკვდე თავო.

 

მაშ, გასწი წინა, წინა, მედგრათ, უშიშრად,

ცხოვრების ზვირთებს გადაევლე თავს მედგრათა,

გასწი, არ შედრკე, იცანი შენცა ცხოვრება,

ბოლოს მოკვდები ხორცით, სული არ კვდება.

 

* * *

საყვარელო სამშობლოვ, ეგრე მწარეთ რამ დაგაღონა,

თავისუფლება მოგტაცეს, მტრებმა ცოცხალი შეგკონა,

შეუკრა გზანი შენსა აყვავებას, აღარ გაცოცხლა,

შვილნი შენი დაჩაგრა უღვთოთ, განა აღარ აცოცხლა.