ლექსები; ნაწყვეტები პოემიდან „ლეილა“ – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1915-1916

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 29342-13.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ლექსები; ნაწყვეტები პოემიდან „ლეილა“

* * *

აქ რა გვინდა ჩვენ მიჯნურთ,

ხედავ, მისჩქებს სისხლის ღვარი

და მოძმეთა სატანჯველი

აღმართულა ფიცრის ჯვარი

წამო, წამო, გავეცალოთ,

ამ მიდამოს ჯოჯოხეთურს

ვერ ავიტან მე ამ ყოფნას

და მზაკვრობას ცხოველ მხეცურს.

მე ვიცი სხვა გვანი არე,

სად ცოდვა ვერ ეკარება,

სად არსებობს მხოლოდ მარტო

სიცოცხლე და ნეტარება.

ო, იქ წამო, გევედრები,

ნუღა ხანობ, წამო, წამო,

თუ არ გინდა, გოლგოთაზე

მტარვალიდან შენც ეწამო.

 

9/VII

შ. კარმელი

 

* * *

მიყვარს მხარე ჯადოსნური,

სად მეფობდა მზე თამარი,

სად რუსთაველის ხმა მგოსნური

გაისმოდა გრძნობა მტკბარი.

მიყვარს მხარე თვალმწუხარი

სად ქართველი თავს სწირავდა,

სად ერეკლეს ხმა მხურვალი

მტარვალ რაზმებს […].

 

[პოემიდან „ლეილა“]

* * *

…სიხარულით შეხვდებიან

ახალ ყვავილს გაზაფხულის,

თორემ ისე ვერ ხვდებიან

ნამდვილ დარდს და სევდას გულის.

რა იციან ღამის ძილში

რა მატირებს რა მაკვნესებს?!.

ან და მთვარის თალხ აჩრდილში

ვის უკითხავ კრძალვით ლექსებს?!..?..

ტყვილა მახეს დამიგებენ

სამაცდურო საოცნებოს

დ მაინც ვერ გაიგებენ

საიდუმლო სამგოსნებოს!

 

III

არვის არ ვეტყვი გულახდილობით

ჩემ საიდუმლოს ოდეს მკითხავენ,

რადგანაც ვიცი, სულ-მოკლეობით

არ დამინდობენ და გამკიცხავენ.

უკვდავ სიწმიდით მე მას ვინახავ,

და არ ვაკარებ ზრახვას ბიწიერს,

ძმაო, ნუ ცდილობ, ვერ დაინახავ,

ვერა, ვერ გამცნობ ჩემ ფიქრს მიწიერს.

და თუ ოდესმე წამომცდა რამე,

იმ საიდუმლო გულის ფიცისა,

მას მხოლოდ მარტო მოისმენს ღამე

და შორეული მნათობი ცისა.

რადგანაც ვიცი, ყმაწვილურ რწმენას

ჩემებრ სიწმიდით შეინახავენ,

და სიჭაბუკის ნორჩ აღმაფრენას

ქვეყნიურ ენით არ დაძრახავენ.

 

IV

მოდი, მთვარევ, განგიმარტო

საიდუმლო შენ ერთს მარტო,

არ მოიხმო ოტარიდი

და მარიხი მოსარიდი.

არც ვენერა პირმცინარი

არც კრონოსი უწყინარი.

ვინ არიან, მათ ვერ ვიცნობ

მე მხოლოდ შენ მარტო გიცნობ.

მოდი, გითხრა, ჩემო მთვარე,

მგოსანმა ვინ შევიყვარე,

ვინ დამიპყრო, ვინ გამწირა,

ვის ადიდებს სიმთა წკირა!

 

V

ყმაწვილობაში საოცნებო ჩანგს

მე ვაჟღერებდი, ახლაც ვაჟღერებ,

და სანეტარო სიყვარულის ჰანგს

ზედ ვამღერებდი, ახლაც ვამღერებ:

„მიყვარს ლეილა და ვეტრფი მე მას,

ვით მზეს, – ვანიჭებ თაყვანის ცემას.

ზღაპრულ კოლხეთის უმანკო ასულს

სხვერპლად შევსწირავ ჩემ გულსა და სულს.

მისის სიცოცხლით ვნეტარობ მეცა,

მიღიმის მთვარე, მიღიმის მზეცა.

სათნო ლეილას თავს მოვეხვევი

და მარადიულ რწმენით ვემთხვევი.

მიყვარს ლეილა და ვეტრფი მე მას,

ვით მზეს, – ვანიჭებ თაყვანის ცემას!“

 

VI

ხომ გიმღერე, მთვარევ, ტკბილათ

საიდუმლო დანაფარი?!.

და სთქვი ახლა გულ ახდილათ,

კარგი იყო ეგ ზღაპარი?!

დაინახე ყვავილთ კონა

ია ნაზი და ბილილა?!?..

ახ, სთქვი, მთვარევ, მოგეწონა

სანეტარო ცის ლეილა?..

ჰო, ჰო, ვიცი, ნუღა ფიცავ,

მითხარ სიტყვა გულ-მარგია:

„შენი სატრფო, მზის სხივს ვფიცავ.

რა კარგია, რა კარგია!“

დამამშვნო ცის ღიმილის,

ჩემო მთვარევ, კერპად მსახო,

საიდუმლო სიყმაწვილის

ვინძლო წმიდათ შემინახო!

 

VII

ჰა, ჩემი ბაღი, ყვავილთ მიდამო,

სადაც ღამითა სტვინავს ბულბული,

სადაც იშლება ჯადო კინამო

და სუნნელოვნობს ნაზი სუმბული.

აქვე ყვავიან მაისის პირზე:

ია, ნარგიზი, ზამბახ, სოსანი,

მათვე ამშვენებს ყაყაჩო პირმზე

და არღავანა თვალსხივოსანი.

ჟამსა დილისას ვით იხარებენ,

ოდესაც ცვარნი ბანენ მკერდ-გულსა,

ო, ვით შვენიან, როს იყვარებენ

უხილავ ხელით სატფოს ერთგულსა!

მაშინ უყურე ყვავილთ მიმკრთალებს,

როგორი გრძნობით სხვანაირობენ,

როგორ ნაბავენ განცხრომით თვალებს

და უხილავზე ფიქრთ შაირობენ!?!

ო, როგორ ვეტრფი, ო, როგორ მიყვარს,

ოდეს ვუჭვრიტავ ყვავილთ მტკბარ სულსა!

როგორ ვზეიმობ, როს დაუვიწყარს

მომაგონებენ ჩემ დღეთ წარსულსა!

წინ გადმიშლიან ოცნების დილას

და სიყმაწვილეს თავმოსაწონებს,

გამახსენებენ, როს ჩემ ლეილას

ვუძღვნიდი კრძალვით ყვავილთა კონებს!

 

VIII

გაზაფხულის მზე ჩავიდა

მოცისკროვნე შარავანდით

და მიჯნურიც შორს წავიდა

საოცნებო სახის ლანდით.

ის თან დასდევს სიხარულის

მაისიან ნეტარ წამებს,

არ აწუხებს დარდი გულის

შავ თვალებს და წარბ-წამწამებს.

ვაი, მე კი მიმატოვა

უნუგეშოდ ბედით კრული,

ცრემლთა იწყეს ხშირი თოვა

და ვალალებს ტანჯვით სული.

ჰე, ლეილავ, როს მახარებ

შენის მოსვლით ობოლ მგოსანს?!..

აწი აღარ გაახარებ

სევდის ბაღში დამჭკნარ სოსანს?!..

გევედრები, ტანჯვა კმარა,

მომიფრინდი, ო, გთხოვ, მალე,

დღესვე მოდი… დღეს თუ არა

ხვალე მაინც, ხვალე… ხვალე!

 

IX

სიზმარი ვნახე: ტკბილათ მღეროდი,

მთავარის სხივებში სხვას უცქეროდი.

სული უხილავ სატრფოს ეძრახდა

და სამიჯნუროთ კრძალვით ეძახდა.

ხელი შეგახე… დამიწყე ცქერა,

გკითხე: ლეილავ, მიცანი, ვერა?!..

ხმა არ გამეცი, გიდუმდა გრძნობა,

მიცანი, მაგრამ არ გსურდა ცნობა!

ვაიმე მგოსანს შენდამი ერთგულს,

ვაიმე ობოლს, ვაიმე ბედკრულს!

ფეხზე ადექი და გაიქეცი,

უხილავ არსად გადაიქეცი.

გამოგეკიდე, ვერ დაგიჭირე

და უკანასკნელ ცრემლით გიტირე!

ვიცი, ეტრფოდი მაშინ სხვა მიჯნურს,

მიტომაც გაძზრახ არ მიგდებდი ყურს.

სხვა ვარსკვლავს ცქერდი უფრო სხივოსანს

და მივიწყებდი შენს პირველ მგოსანს.

ფიქრით ახვევდი სატრფოს დალალებს,

მით მიწამლავდი სულს ნავალალებს.

ვაგლახ ! ვინ იცის ვიზედა მცვლიდი!

მე კი, ლეილავ, ჩემადა გთვლიდი.

ვამე მგოსანს შენდამი ერთგულს

ვაიმე ობოლს, ვაიმე ბედკრულს!

 

X

ყოფნის ლეგენდას სტვენს სალამური,

მეტყველობს ხმებში დრო შორეული,

მოისმის ჰანგი ტკბილ-საამური

და სინანული ცრემლ მორეული.

განრინებული ვუსმენ სალამურს, –

წარსულის აჩრდილს აწმყოს რომ აქსოვს,

მაგრამ არ ესმის იგი გულის ყურს,

და არც მე ვიცი, აღარც მე მახსოვს,

მოგონებათა ტალღა აძგერდა,

აღინთო გრძნობის წმიდა ლამპარი,

მაგრამ ისევე განაცარმტვერდა,

იყო ლეგენდა, იყო ზღაპარი!

ვინ წარმიტაცა სიმშვიდე სულის,

ო, ვინ მომასწრო ამ შავბნელ დილას?!?.

რა იქნა სხივი, ნორჩ სიყვარულის

ვინ დამაშორა ჩემს ნაზ ლეილას?!.

მითხარი, მკაცრო, უსახე ძალო,

ჩემს შეკითხვაზე პასუხი გამე,

ნუღა ორჭოფობ, ბედო მუხთალო,

შენი გულისთქმის მიმღერე რამე!

 

XI

ნუ შემიშფოთებ ლოცვას ღამისას,

მუხლმოკვეთილი ვსცქერ საკურთხეველს,

და მოგონებას წარსულ ჟამისას

ღაღადის ყოფით ვუკმევ საკმეველს.

მსურს, დავიმშვიდო ღელვა სულისა

და ტანჯულ გრძნობებს შვება მოვგვარო,

ობოლნი ცრემლნი სინანულისა

წამების ჯვართან რწმენით დავღვარო.

მსურს, აღვიმაღლო გონების თვალი

ხედვათ დიადი სიყვარულისა,

სულგრძელობისა მოვიცე ძალი…

რათა დავლოცო სატრფო გულისა.

 

XIV

ვიცი ორი მზე ბნელ სამყაროს მანათობელი,

ერთი – ზოგადი, ცის წიაღის შემამკობელი,

მეორე მზეა საკუთრება მარტოდენ ჩემი,

მხოლოდ ჩემთვის არს მისი სხივი სიცოცხლის მცემი.

პირველს არ უჩანს დასაწყისი, არცა აქვს ბოლო,

ის უკვდავია, მარადობის არის სიმბოლო.

თვალ-შეუდგამი ცის მნათობი ერთგვარ სცქერს ყველას,

ერთგვარათ ზომავს ადამიანს და ჭიანჭველას.

იგი მსოფლიოს ცხოველმყოფელ სხივით აშუქებს,

ძვირფას განძეულს განურჩევლაად ყველას აჩუქებს.

ის მეორე მზე პირველ მთიებს არ ედარება,

ის ჩემთვის გაჩნდა, ჩემთვის მნათობს, ჩემთვის გაქრება.

ჩვენ გვაქვს საერთო მისწრაფება, ერთი ვართ სულით,

ურთიერთს ვეტრფით და ვადიდებთ მზეს სიყვარულით,

მხოლოდ ორივე ვცოცხლობთ სოფლად ციურ მზის ძალით,

გარდაქმნის შემდგომ ვილტვით მისკენ უხილავ კვალით.

საუკუნეთა სრბოლის მომსწრებს ვცემ კრძალვით თაყვანს,

ოცნება-ფიქრით გარს ვევლები მის ოქროს აკვანს.

განთიდისას ცისკარს შევსცქერ მზის საამბორათ,

ვესალამები… თუმცა მისგან ვარ შორის-შორათ.

„და ამ ორ მზეში რომელს ეტრფი?“ – ოდეს თქვენ მკითხავთ,

ვსთქვა, „ორივესო“, ჰე, კეთილნო, ხომ არ გამკიცხავთ?!.

არა, არ მინდა ისე ყოფნა ამ ქვეყანაზე,

თუ არ მექნება მე ორი მზე მიწას და ცაზე.

მიწის მზის სხივით აღვიმაღლებ გულისა გრძნობას

და ციური მზის შარავანდით განვსჭვრიტავ გრძნობას.

 

XV

მოწყენილ მდელოს გადეკრა ბინდი,

ჩამოსაღამდა… და ავქვითინდი.

ჩვეულებაა ტირილი სულის

მწუხრის ჟამს მოთქმა დროთა წარსულის.

ღამეს დუმილი ვინ შეაყვარა,

ცამ ცვართა ცრემლი რისთვის დაღვარა?!

რას ეუბნება ნიავი ფოთოლს,

რათ ურხევს სიო ტყის ქალწულს კოწოლს?

ბაღში ყვავილებს ვინ ესტუმრება,

ვარსკვლავებს ცაში ვინ ეხუმრება.

რათ იწვის გული ტრფობით ურვილი,

რაა მგზნებარე სულის სურვილი?

ვინ არის მოწმე მიჯნურთა ფიცის,

საიდუმლონი ღამის ვინ იცის?!.

………………………………………………….

მივწექ სარეცელს – ოთახში ბნელა.

თავს დამფარფატებს მე ძილი ნელა..

წითელ ვარდებთან ბულბული სტვინავს

რულის ბალიშში მე მძინავს, მძინავს!

…………………………………………………….

  • ჰე, მშვენიერო, ვინა ხარ შენა?

მოძულებული ვინ გამიხსენა?

  • ვარ ანგელოზი, შენი მფარველი,

შეიშვრე ცრემლი, სევდის მქარველი,

გადაივიწყე აქ რომ ბნელოდა.

მოგივა ვისაც გული ელოდა!

 

XVI

შვების ღამე აკანკალდა ნისლის მანდილიანი,

სიხალისე მოაფინა ცისკარმან დილიანი.

წითელ ვარდათ გადიშალა მზის სრა ეთერიანი.

გარიჟრაჟი აცახცახდა თვალ-ტან ელფერიანი.

ცის ალერსით ველს მოედვა სიო მსუბუქფრთიანი,

მთის ფერდობზე აშრიალდა ტურფა ყარყუმტყიანი.

ვერცხლის ცვარით მოინამა მდელო თავაზიანი,

წყაროს გიჟურ ლხენით დასტკბა კორდი ლამაზიანი.

ფრთოსანთ გუნდი ამეტყველდა ხმატკბილნარნარიანი,

სურნელოვნობს ბაღჩა-მტილი ვარდყვავილნარიანი.

ბუჩქის ჩრდილში სატრფიალოთ ნაზათ ყვავის იანი,

განცხოველდა სილამაზით დილა მაისიანი.

მზის პირველ სხივს მიესალმა მთა თხემყინულიანი.

მიწის წიაღს ჩაეკონა მზე სიყვარულიანი.

მოუვიდათ ყველას სატრფო ოქროს გვირგვიანი,

შესთვაზა მათ მზემ ეშხით ცის თასი ღვინიანი.

მიწამ ჰკადრა: „იყავ, მზეო, ჩემთვის დღეგრძელიანი,

მას ბანს აძლევს მოძახილით არე მეტყველიანი.

ჩემი სატრფოც მალე მოვა შავთვალ-ხუჭუჭთმიანი,

სანეტარო ბაგის ღიმით სახე ჩუქურთმიანი.

გარდიქმნება დავიწყებათ მარტოობაზნიანი,

მოსცილდება გულს განდეგილს ფიქრი კაეშნიანი.

ეტლი მზათ არს, ნისლის ეტლი, ეტლი სხივთ რაშიანი.

გზას გინათებს, სიცოცხლეო, მთვარე კაეშნიანი.

ჩაჯექ მალე, მომიფრინდი ღრუბელთ მანდილიანი,

ელვის მსგავსათ ჰკვეთე სივრცე შორი მანძილიანი.

შენის ხილვით მომაგებე წუთი ხალისიანი,

ყური მიგდე სულის თვისტომს, გითხრა: ჰა, ის იანი,

შენ რომ მომეც სამახსოვროთ, ია მცირე წლიანი,-

დაუმჭკნარათ დაგახვედრე ტრფობით სიცოცხლიანი.

 

XVII

ეს ვისი ხმაა, ვინ მეუბნება:

„მგზავრს გასათევათ მომეცი ბინა“?!..

ნუთუ სიზმარი, ნუთუ ოცნება,

ნუთუ კვლავ ლტოლვამ წამომირბინა?!..

აღარ მაკმარა ძილში წამება,

და დღის სიცხადეც სიზმრათ მაჩვენა? –

მაგრამ ეგების მწყალობს სამება

და ტანჯვის ნაცვლათ მიბოძა ლხენა!

ავღსდექ გავაღე ოთახის კარი,

და წინასწრობამ არ მომატყვილა, –

თეთრი სამოსით ვითა ცისკარი

ტანნაკვეთსრული იდგა ლეილა!

„სალამი თვისტომს“ – სთქვა მოკრძალებით,

წმიდა, ნარნარი ხმა გავიგონე,

გადავეხვიე და მხურვალებით

გრძნობა ბნედილმა მკერდს ჩავიკონე.

ო, ძლივს გიხილე, საუნჯევ ჩემო,

ძლივს გამიხსენე ობლათ შთენილი,

შემოდი, სადგურს სიცოცხლის მცემო,

მტლად დაგედება გზა ვარდფენილი.

ოთახს მინათებს მთვარის სხივთ ფენა,

ღია სარკმლიდან შემონაპარი,

აქ ისმის ღამით ბულბულის სტვენა,

აქ ისმის ღამით ვარსკვლავთ ზღაპარი!

დაჯექ, ლეილა, მიამბე რამე,

მიკურნე სული დანაზიანი,

– ო, მე არ ვიცი… იქ იყო ღამე,

აქ ჩემთვის ახლა დღეა მზიანი!

 

XVIII

 

ტურფავ, გძინავს ჩემს წალკოტში ბროლ გულმკერდის რხევითა

დაბლა მე ვარ მოხიბლული და მნათობნი ზევითა.

ნელი სიო დარონინებს ყვავილებში ლხენითა,

არეს ატკბობს იადონი ციურ ლოცვის სტვენითა.

შენის მოსვლით გახალისდა ჩემი სევდის სადგური.

გულში შვება დაბინავდა ჭმუნვის გამანადგური.

აკუმარდა სული ჩემი სანეტარო შაირით.

როკავს ფიქრი ანაჩქარი დაფდაფით და დაირით.

ვარსკვლავებმა ცის ტატნობზე გაახშირეს ფერხული,

იწვის, მორცხვობს შვაში მთვარე დგომით მოუხერხული,

დღეს ზეიმობს თეთრი ღამე, მოვერცხლილი ხეხილი,

მაყრიონათ იყურება შორი მთების გრეხილი.

ტყე შრიალებს, ტყე მეტყველობს, ტბა ლივლივებს, ტბა ჭავლობს,

სილამაზის შემოქმედი ნამოქმედარს თვალს ავლობს.

ვრცელ ბუნების შლილ წიაღზე გიძღვნა შვების აკვანი,

შემიყვარდი სიცოცხლეო რწმენით გეცი თაყვანი.

ციურ ნანის ძილისპირით კურთხეული იძინე.

ზღაპრის ზღაპართ ტკბილ სიზმრებში ნაზი ღიმით იძინე.

ზენა ძრახვის თილისმობით აგანცხრომე მკერდგული,

იყავ მშვიდათ, გიდარაჯებს შენი მონა ერთგული!

 

XIX

შენს ციურ სახელს უძღვნიან შაირს,

მიწყივ მგოსნები სხვადასხვანაირს.

გეტფიან როგორც ტურფა პეპელას,

ჩემო ლეილა, უყვარხარ ყველას.

ო, რა კარგია შენი თვალები,

გიშრის დალალნი, ბაგე ლალები,

სარო წამწმები, წარბი ისლური,

ტანის მიმოხვრა დარბაისლური!

თითნი ნათალნი-ტატანი ბროლნი.

ორნი კოკორნი მკერდს ანათრთოლნი!

ტკბილ რითმოვანი ხმის კილო-კავი,

ჰაეროვანათ ფეხი მროკავი.

ო, რა კარგი ხარ, სიცოცხლის მცემო,-

ჩემო ლეილა, ლეილა ჩემო!

ვის შეუძლია, ღმერთობა სცადოს, –

მთელის არსებით რომ განგიცადოს?!

თუ არა ისევ შენს მიჯნურ მგოსანს

მეფეთა-მეფეს და გვირგვინოსანს!

მხოლოდ ის გიცნობს, მხოლოდ ის, მხოლოდ,

ხატად უღირხარ, რწმენის სიმბოლოდ!

მარადის ენის გალაპარაკებს,

შენს ნაკვეთ სხეულს გააქანდაკებს, –

კერპათ გადასცემს საუკუნოებს

და უკვდავებას თვით შენში ჰპოებს.