მიყვარს, მიყვარს, დიდებული მთაწმინდა,
რამაც ფიქრი არეული დაწმინდა;
ეგ სახელი დიდ ილიას მაგონებს,
მისი ბედი მეცა მწვავს და მაღონებს.
წიწამურის წამებული მგოსანი,
თმა ჭაღარა მარად ჭარმაგოსანი.
რისხვა იყო ჩვენთვის მისი სიკვდილი,
მტრის ზეიმი, ქართველთათვის – სირცხვილი.
მისი შუბლი ზეცასავით ნათელი,
აღარა გვყავს დიდი ქართველთ-ქართველი.
მან სიცოცხლე ჩვენზე ზრუნვით გაჰლია,
სული – ამ ჩვენს სიყვარულში დალია.
ერის ბურჯი, მარად დაუცხრომელი,
მამულისთვის, ქვეყნად კარგის მდომელი.
წიწამურის წამებული მგოსანი,
ერის მამა, მარად ჭარმაგოსანი.
„ერის წყლული ვისაც აჩნდა წყლულადა“,
მას ვინ ჩათვლის აბა, დაკარგულადა.
სამშობლოსთვის ქართველთ ხმობდი ნაღარით,
ორგულთ მალე გულს ჩაეცეთ ლახვარი.
შენი აზრი – შუქად გაგვიბრწყინდება,
ბრძენს და მამას, დიდ ილიას დიდება!