მზის გახურებულ ბრაზმა
მიწა გარუჯა წვიდან.
ცეცხლის მქრობელმა რაზმმა
დაიგვიანა ციდან.
ორმუზდ – არიმანს შებმით,
აღარ დაუდგა ბოლო.
მე შენ ჩაგცქერი შვებით,
დამწვარ შირაზის ბროლო.
ელოდენ ამაყ კიროსს,
ვით მომტანს ძვირფას ამბის.
წვავდა ბაბილონ-ტიროსს
და რუხ ეგვიპტეს კამბიზ.
ჰარამხანების ვნება,
ჯალალ-ედინის რუმი,
ჩვენთვის იქნება ნთება
და მთვარეები ჩუმი.
და ჩემ ნიზამის მღერას
და თვით მშვენიერ გაფიზს
და ხეიამას ერანს
ჰკოცნის ღვთაება ქაფის.
ვხედავ გარინდულ ხალიფს,
თრობას ჰაშიშით იშვენს…
და ხან აკივლებს ქალებს
ჭრელ ხალიჩაზე შიშველს!