ჩვენ შარაბანით მივქროდით გზაზე,
ვამბობდი: კვდება გული უდამოთ.
თქვენ ჩემს დღიურში ჩასწერეთ ასე:
მცივა! მშვიდობით, ო, სამუდამოდ!
დამასაჩუქრე ტყის კავალერი
ლურჯ პეიზაჟით ცივი თვალების,
ახლა მაწვალებს ცა მზით ნაფერი,
და ცივი მზერა ყრუ ვაგზალების.
სად არის ფრთები, რომ ავცდე ბორკილს…
ქება ეროსებს ქალწულთ ფრთიანებს.
რა ეშველება ამ „მაქსიმ გორკის“
ყველას მაშორებს და მაგვიანებს!
ვხედავ ციფერბლატს: საათის შვიდზე
ჩვენ გველოდება პატარა ხიდი.
გადავდგებოდით გაფრენილ ხიდზე
და გვიტაცებდა შორს მაინ რიდი.
სასახლე, ბაღი ნაირ ფერების,
დაღუპულ პრინცის მოჩვენებები.
თქვენ დედოფალი ორანჟერიის –
პანის ყვავილებს კრეფდით ვნებებით.
ზმანებაშია ეს ყველაფერი…
ახლა ვაგზლები მაწვალებს გრძელი,
და მენატრება ჭლექით ნაფერი
შეყვარებული ქალწულის ხელი.
აბასთუმანი – ქუთაისი