…წავიდეთ! წავიდეთ! აგრგვინდა,
გრიგალში უდაბნო დღეები…
– არ გვინდა! არ გვინდა! არ გვინდა!..
პასუხად ქშუიან ხეები.
ხუჭავენ დატეხილ წამწამებს.
და მკვდარი ცვივიან ხრიგალში.
მე ღმერთი სიკეთეს დამწამებს, –
მივყვები კუბოებს გრიგალში.
– სადამდი! საითკენ! საიდან!
– ტირიან ჰაერში ყავრები…
– ცხრა მთამდი!.. უსაზღვროდ! ჰაიდა!
თავდაღმა გარბიან მგზავრები…
– ვერ გახვალთ უთუოდ ალყებში,
ქაოსში ქარია მთიშველი…
– არიქა… ვიხრჩობით ტალღებში…
უფალო გვიშველე! გვიშველე!
ვედრებას: ტირილებს ასეულს:
გიჟობას: ხმაურებს: მთვარეულს:
გრიგალი კივილით დასეულს, –
მიაფრენს გრგვინვაში გარეულს…