გიორგი სააკაძე – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1918, დეკემბრამდე

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „კლდე“, 1918, №13

პოეზია, შემოქმედება

გიორგი სააკაძე

(სონეტი)

 

ზვიადი სახე ივერიის სევდით ტყვედრია.

ტრიალებს ბუღი ზედ ცხირეთის და მარაბედის.

კვნესის აჩრდილი: ინდოეთის, მწველ არაბეთის.

ბაღდათი, ავღან, ყანდაარი, – სისხლს გაყვედრიან.

 

თავხედ მტრისათვის შებრალება არ გივედრია.

გათრობდა ბოლი ჯებირებზე დამწვარ აბედის.

გარბის: ყორჩიბაშ, ფეიქარხან წყეულ გზაბედის…

მაგრამ სიახლე გადატეხილ ხმალს არ ხვედრია.

 

ვერაგ შაჰაბაზს დაუჩრდილე მზის მუზარადი.

დიდებულ გურჯით სახელობდენ  სპარს – ოსმალები.

წმიდა გიორგის, თეთრ გიორგის, ქება მარადი!

 

საქართველოში მას შხამავდენ ხარბი თვალები.

ღალატით დევნილს ბრმა მახვილი გულზე დაესო…

ერის სიმბოლოვ! ო სარდალო უზენაესო!..