(ჩემი ორი დის წმინდა ხსოვნას)
ვდგავარ ყვითელი ქანდაკება მე ბრინჯაოსი.
ურგი წამლებით დავითხოვე ჩემი მკურნალი.
ძილში მეძახის მარიხელი თუ სატურნელი.
ღამეში ქშინავს ვეშაპივით შავი ქაოსი.
ვნახო ძვირფასი მეგობრები სასაფლაოსი, –
მივყვები კუბოს ვით საკმევლის მშვიდი სურნელი.
ყელს ებჯინება ხმა დამხრჩვალი, აუზურნელი.
ნაცნობ საფლავზე გულს გავაღებ გრძნობა ნაოსი.
სპეკალ ქვებივით ედევნება ცრემლი ცრემლს მწუთხე!..
უცნობი ფარდა ჩემ ხელებმა ვეღარ გახია.
საბრალო დებო! რად წახვედით უძილავ კუთხეს?!
შავ ყორნებსავით დაგტირიან და გეძახიან!
აღარ მეღირსა განკურნება ჭლექიან ფილტვის…
ო, ჩემი სული ეშაფოტზე მთვარისკენ ილტვის!