გამოთხოვება სულთან ავადმყოფ სხეულის – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1919

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 29346-11-14-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

გამოთხოვება სულთან ავადმყოფ სხეულის

სულო, მისმინე: არ გაუშვა ფიქრთა სადავე.

ვიცი, შენ გქვია: ჩემ სხეულის ხანმოკლე მდგური.

მოგეხსენება, რომ თვისება  ჩვენ გვქონდა ძმური.

თუმც საეჭვოა, რად მოგწონდა ეს სისადავე.

შენთან დუელში მე ოცნება დიდხანს ვადავე.

შენ გაიმარჯვე. შენ მრავალში აღძარი შური.

მასკარადებში ბნელ ნიღაბად წაისვი მური,

ვწუხვარ: ტოლობა შენთან ადრე რომ გავათვე!

კვლავ ბოდიშს ვიხდი უსათუოდ ჩემი ცხოვრებით.

ვერ განებრივე ლაჟვარდებით და საძოვრებით, –

რომელმაც ჩემში პოეზია უხვად დატიე…

შენ წახვალ მზესთან! ანდა სხვაგან! მე სისხლნაკლული

მთვარის ეშაფოტს დავაწვები, როგორც დაკლული.

ახ! სულო ჩემო: დამიტირე და მაპატიე!..