ჭადრაკის ქართველ ოსტატს, ვიქტორ გოგლიძეს – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1932

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ჭადრაკის ქართველ ოსტატს, ვიქტორ გოგლიძეს

შევხვდებით ერთმანეთს, ვხედავ, რომ ჩალაგდა

ყოველი პაიკი შემტეველ რაზმებად,

და „მეფე“ ბრძოლების განწირულ ალაგთან

თანდათან შებოჭეს რკინების თასმებმა.

 

ვსაუბრობთ… მე ვფიქრობ: – ნეტა, რას ჩაწერდა

და ვხედავ თვალებში შუქია ნეტარი, –

ვხედავ, რომ ჭადრაკის ეშმაკურ ფაცერთან

უღონოდ ღანღალობს შავების მხედარი.

 

გადავალთ ლექსებზე, ჩემს შრომის მაგიდას

დღეს დარჩა ნამტვრევად დაყრილი ბწკარები.

შენ მაგარ ოსტატის სახელი გაგიტანს,

მე – ჩემი ფიქრების გაშლილი კარები.

 

არ ვიცი, რად არი ასეთი მარტივი

შეხვედრა, ღიმილი – შენთან რომ მოვედი,

ასეა პირველი ქართული პარტიის

და ჩემთვის ნამდვილი ბრძოლების პოეტი.

 

შენ უკვე გაიგე, რა არის ძილის წინ

უეცრად შეხტომა, კაცს რომ არ აძინებს,

შენ უკვე გაიგე მკაცრია თბილისი

და თავის არჩეულს თვალს არ მოაცილებს.

 

ეს მკაცრი ბრძანება ხშირად დაძლეულა,

ჰო, მაგრამ რჩეულებს მშვიდობა მოგვტაცეს,

არავის არ ძინავს ისე აბნეულად,

როგორც რომ ლექსის და ჭადრაკის ოსტატებს.