აზიის კარო! ფერად ბაღებით,
ლურჯი თაღებით ხარ დაფარული!
ხარობს გმირული ბაირაღებით
შენი წარსული ლეგენდარული!
არ გაშინებდა ბილწი მონობა,
მზემ მოგაფინა ოქროს ფარჩები;
შენ არ გინდოდა სხვის პატრონობა:
თავისუფალი მუდამ დარჩები.
გათავდა ომი დაუდგრომელი,
ამოისუნთქე ახლა მოშვებით…
დღეს შენი ერი, მარად მშრომელი,
აზიას უძღვის წითელ დროშებით.
შენს ჯვაროსნობას ჩვენ ვეთანხმებით,
შენი გმირობით ვართ ავსებული,
მაშ ავაფეთქოთ ახალ ნაღმებით
ძველი ქვეყანა დახავსებული.
მზად არის თოფი! მზად არის ხმალი!
მტერებს ვეყოფით მარტო კბილებით.
დავაგვირგვინოთ ჩვენ მომავალი
წითელ რუსეთის დაძმობილებით.
აზიის კარო! ელავს ფერებით
შენი გვირგვინი და სამკაული!
მაშ გადიხადე ბედნიერებით
პირველ მაისის დღესასწაული!