ყველგან, ქუჩაში, სახლში გაისმის –
ცეცხლში იწვის და სდუღს ქუთაისი.
ჩემი აკვანი, ლექსთა საგანი,
ჩემი ბუდე და ბუდე მაისის.
მართლა მაშინებს მე დღეს გაზეთი,
გადამაშენებს გაზეთი ცნობით:
„ჯერ არ ყოფილა წარღვნა ასეთი –
ითვლიან ზარალს მილიონობით“.
ვკითხულობ ცნობას შეშლილი სახით
და ვგავარ ახლა უსუსურ ლაჩარს:
„ცეცხლით დამწვარი სამასი სახლი,
ხუთიათასი უსახლო დარჩა“.
მესმის ზრიალი ებრაელების,
მთელი გოდება ხანძრიან ქარში;
ათრთოლებული მათი ხელები
გამოეთხოვა ფართალს და არშინს.
ათი წელია იხევდა უკან
დღეს განწირული მათი ხელობა,
ახლა ხანძარმა ნარმიან დუქანს
გამოასალმა ებრაელობა.
მაშინ, როდესაც ყველა ფიცარი
სრულებით ახალ შენობას ჰკვანძავს, –
რა დროს ცეცხლია დასამიწარი,
რა უნდა ჩვენგან საძაგელ ხანძარს!
ძლივს ამოვედით სიღარიბიდან,
ძლივს მოვიშორეთ ზურგზე კურტანი,
მითხარით, ახლა რომელ ჯიბიდან
ავავსოთ ცეცხლის მონაქურდალი.
მე ცეცხლში ასეთ გოდებას ვისვრი,
მაგრამ მეტია ბედზე მდურება,
რა ვქნათ, მაგარ და შეჩვეულ კისრით
ვზიდოთ ახალი უბედურება.