ტრიპტიხი – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1916, გაზაფხული

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ტრიპტიხი

მალარმე

ის იყო თეთრი თავახრილი და ოქროპირი,

უცხო სიტყვები ვით გედები მან ადიადა.

მისთვის ოცნება იყო მკაცრი იროდიადა,

და იყო მარტო სილამაზის ძვირფასი გმირი.

როგორც სტუმარი, სხვა ქვეყნიდან მოსული, ძვირი,

უსხივო ხალხში სხვანაირად ის დადიოდა,

ღვთაებრივ ხმებში ზამბახები თეთრად სცვიოდა,

შორს არი მისი ოქროს ქვეყნის წმინდა ნაპირი.

თოვლზე დაფანტულ ძვირფას ქვების ზემაქებარი!

სიმახინჯეში მან შენიშნა მხოლოდ კეთილი.

ის იყო ბრძენი, ერთადერთი, გაუგებარი,

როგორც „სონეტი“ თეთრ სხივებში გამოკვეთილი.

და ჩვენი ქებაც სილამაზის რომ გათამამდეს,

ოქროს ტაძრებში ლოცვების დროს მალარმე გვწამდეს.

 

ვერლენ

უბედურ ვერლენს დასცინიან ჩვენს სამეფოში, _

მე მორიდებით მის ყვითელ თმებს სხივს დავაფენდი.

იმის დანახვას ვერ ბედავდა ბრწყინვალე დენდი,

მე კი ლოცვები ამოვკრიფე მის წამებაში.

ვერლენი! ბოდლერ, და მალარმე! ამ სამებაში

მე ყველა მიყვარს… მაგრამ ვერლენს თრთოლვით ვისმენდი,

მას სწამდა ღამე, ეკლესია, მღვრია აბსენტი,

სნეული ღმერთი ეძახოდა დაღამებაში.

მან მეფობასთან შეაერთა მათხოვრის ბედი.

ცხოვრობდა როგორც დიდ ქალაქის ავი ლეგენდა.

ბნელ ოცნებაში დასცურავდა მაისის გედი.

წავიდა ისე, რომ მაისი არ გაუთენდა.

მას, როგორც მოწმე უკვდავ ყოფნის და დიდებისა,

ადგია ძეგლი მარმარილოს სონეტებისა.

 

ვერჰარნ

შენი კივილი მკვეთრია ვით ცხელი შურდული,

შენს სასახლეში ყეფს წითელი საშინელება,

ჭვარტლიან ბაღში აღტაცება არ გეძნელება,

შენ ხარ მხედარი შეშლილი და გზადაბურდული.

სახრჩობელები, კვამლი, სისხლი, სახე ქურდული,

მშიერთა ურდო, რკინის კვნესა, მზის დაბნელება.

ვერჰარნ! ვიხრჩობით! ცეცხლის ზღვაში რა გვეშველება.

ოცნება ოხრავს ვით ფრინველი ფრთადასუდრული.

ო! ეგ სიჩუმე! აწი ვინღა შეგედარება!

სილამაზისთვის საშიშია ეგ მდუმარება!

მშვენიერებას მოევლინა დღე ნისლიანი:

მიგასვენებენ თეთრი დები სიჩუმის ნავზე…

შენი აჩრდილი იმართება ვით სისხლიანი

და საშინელი ქანდაკება ქალაქის თავზე.

 

ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, 2