ტიციანისა და ნინოს ჭინკას – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1921

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ტიციანისა და ნინოს ჭინკას

თუ მარტოობა მეტად გვაწვალებს

და როცა ღამე ტირის და ღელავს,

ვიგონებთ ჭინკას პატარა თვალებს

და ვეხარბებით თავადურ თელავს.

ჩვენი იმედი და ჩვენი ბავში,

ისე მარტოა და ნათმენია,

თითქოს ზამბახი აგდია ნავში,

და თითქოს ზამბახს რაღაც სწყენია.

ჩვენ მოგონების გვაწუხებს სევდა,

კოცნა დიდხანს არ მიგვიტანია,

ჩვენ დავატყვევეთ თბილისში დედა

და ჭინკას სევდა ნამეტანია.

პოეტ ნათლიას ჭინკას თვალები,

უნდა დაკოცნოს პატარა ხელიც,

მზად მაქვს პატარა მარგალიტები

და ჩემს ინფანტას ყოველდღე ველი.