ტანიტ ტაბიძე – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 14.06.1926

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ტანიტ ტაბიძე

ყვითელ ორპირში ყანჩების კვალზე

დადის პოეტი, შიშით, ციებით,

ციების პოეტს ცრემლი აქვს თვალზედ,

და შვილის აკვანს ავსებს იებით.

ციების პოეტს სურდა მაისი,

შენ ხარ მაისი – ტანიტ ტაბიძე;

მაგრამ ორპირის ადონაისი64

ისევ ორპირის სტირის ნაპირზე.

ვერ შეაჩერე მამის გოდება

ორი თვიანი შენი კბილებით,

შენც გაიზრდები, შეგეცოდება

უბედო გვარი მაყაშვილების.

მზიან ალაზანს სეზონი ასცდა

როცა წიწამურს დაადგა თალხი

და სამშობლოში გაგვიმამაცდა

იმერეთიდან მოსული ხალხი.

მამა გიმღერის, ბრმა მამაჩემში

არის წამება და ჩუმი ბედი:

ტანიტ ორპირის მაღალ ყანჩებში

დაცოცავ როგორც მსუქანი მტრედი.

დედას კახეთი ესახელება,

მამა ბორანზე ფიქრობს ჰაფიზზე,

მწვანე ცხენის წყლის ციებ-ცხელება

შენც დაგასუსტებს ტანიტ ტაბიძე.

მღვრიაა სისხლი პოეტის მამის

და დედის ცრემლი თვითმკვლელობაა,

გაშინებს ლანდი ორპირი ღამის

მაგრამ კახეთი შენთვის შობაა:

იქნება მამა სულ გაიპაროს

სტიროდეს დედა ფშანის ნაპირზე,

მაშინ დალოცოს, ღმერთმა დაგფაროს,

ღმერთმა დაიხსნას ტანიტ ტაბიძე.