პოეტის საქმე – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1931

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

პოეტის საქმე

ეს წვიმა მწარე, ეს თქეში, მეხი

ვერ შემაჩერებს, ვერ დამდებს სალტეს,

მივმართავ ისევ აჟღერილ ხეხილს,

ჩემი ლექსები რომ გამოწალდეს.

 

ვიტყვი: – მძიმეა თქეშის ტვირთები,

ვიტყვი: – მწარეა მეხის ტკაცუნი,

მაინც იფეთქებს თქვენი კვირტები

და ჩემი ლექსი – ხმა ვაჟკაცური.

 

გაზაფხულიდან შემოდგომამდე

შემომიჩნდება სიტყვის კრაზანა,

დიდო ბუნებავ, სიტყვა მომანდე

შენი დიდების გამოსატანად.

 

ჩემო ქვეყანა, დამსვი პოეტად

შენი შრომის და მიწის საქებად,

და რაც კი ძალა მომეპოება,

მინდა ლექსებით გადმოლაგება.

 

მიწავ, ახალი დაღით დაგტორეს,

მთებო, მოგასკდნენ რკინის ჯარები,

მეც უმღერ ველათ გაჭრილ ტრაქტორებს

და ოქროს მადნებს მივეჩქარები.

 

მეც, გაზაფხულო, შენის დიდებით

სავსე, ყოველ დღის საქმეს ვეხები,

და მწერლის შრომას მოვეკიდები,

როგორც კიდიან გუთანს გლეხები.