იოსებ გრიშაშვილს – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 9.11.1916

ადგილი :

საცავი : იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

იოსებ გრიშაშვილს

ძვირფასო სოსო!

შენი ლექსი მეტად კარგია. სახელად „შეშლილი ოთახი“ უნდა დავტოვოთ. გაასწორე კორეკტურა და არისტოსთან ერთად გამომიგზავნე, რაც შეიძლება მალე. გამიგონე შემდეგი: შენს ლექსში ორი ადგილია, რომლის მსგავსიც სხვა ლექსებშიც არი, რა თქმა უნდა, შემთხვევით.

I. შესანიშნავად – დასანიშნავად. ეს რითმები არი ელენე დარიანის ლექსში.

II. შენა გაქვს „წყლისფერი ფარდა“. ერთ ჩემს ლექსში არი „ქვისფერი ფარდა“.

რითმებს, რა თქმა უნდა, არაფერი გაეწყობა, მხოლოდ სახეს თუ შეცვლი, მადლობელი ვიქნები. ჩემს ლექსში ეგ სახე აუცილებელია, შენ კი შეგიძლია, როგორც გსურს, ისე შესცვალო. მოიქეცი, როგორც გსურს. ჩემის ფიქრით, კარგი იქნებოდა თუ სიტყვა „ჰუნეს“ შესცვლიდი როგორმე. მეტად ულამაზო სიტყვად მიმაჩნია. აგრეთვე უკანასკნელ ტაეპში „ვიშ!“ თუ არ გაგიძნელდეს, გამოცვალე რამეთი. ეს ჩემი შეხედულებაა, შენ, რა თქმა უნდა, შეგიძლია, არ დამეთანხმო. ლექსი მეტად კარგია და მიტომ მინდა, რომ სრულებით უნაკლო იყოს. მაპატიე, რომ წერილი დავაგვიანე, მაგრამ მეტად ავათ ვიყავი, რასაც ლელი გადმოგცემდა. „ყანწები“ სულ მალე გამოვა. კარგი იქნება, თუ გამოაცხადებ ახალ ამბავში. მომწერე, ვის გამოუგზავნო და რამდენი. ველი მალე პასუხს.

შენი მარად პაოლო იაშვილი

9.11.16