* * *
შორ სამშობლოში არჩიე წასვლა
დასტოვე შენთვის გარეშე მხარე;
იმ დაუვიწყარ მწუხარე წამსა
მე შენს წინაშე ცრემლები ვღვარე.
და შეჩერება მე შენი ვცადე
ჩემი გაყინულ სუსტი ხელებით,
მე განშორების წუთები მწვავდენ
გევედრე კვნესით, გულის ცხელებით.
მაგრამ შენ ჩემი ამბავი მწარე
არ მიიკარე – მომშორდი მკაცრად
მიხმე – მენახა სხვა გავრი მხარე
ჩემი შავბნელი სამშობლოს ნაცვლად.
ამბობდი – კიდევ შემხვდები როცა,
სადაც ზეცაა ცისფერი მარად,
ხეების ჩრდილში, ძვირფასო, კოცნა
ჩვენ შეგვაერთებს დაუვიწყარად.
მაგრამ იქ სადაც თაღები ზეცის
ცისფერ სხივებში ელავენ დილით,
სადაც კლდის ძირში, წყაროც კი კვნესის
შენ უკვე გძინავს მარადი ძილით.