როგორ გაძლებდა ჭკუადმყოფელი
ამ თოვლის მტვერში;
ჯერ არ მინახავს ჩემი სოფელი
მე დეკემბერში.
სიცივე როდი გაკარებია
ჩემ ბავშურ სხეულს;
რა ამბავია, რა ქარებია
სოფელში წრეულს!
კრამიტიანი შენი სახლები
მე ვეღარ ვიცან,
ორი თვით ასე თეთრად გახმები,
მშობელო მიწა.
რა ლურჯია და რა საწყალია
მეზობლის ბავში…
ასე შიშველი – დიდი მსხალია
ვენახის თავში?
რა დღეებია, რა წამებია,
რამ გამარინდა?
მე ეს სურათი არც მწამებია,
არც ახლა მინდა.
როგორ განდაგან მოქრის ჭილყვავი;
რა რუხად ბზინავს;
აქ არ დავრბოდი, აქ არ ვიყავი
ათი წლის წინად?
აქ არ ყვაოდა ყვითლად ზაფრანა
მწვანე მორევში?
ვნახე პირველად გნოლის გაფრენა
სააქორეში.
უხილავ ხელმა მთაზე ნოხები
დილით გაჰკიდა.
აქ არ გავიგე, რომ ჩამოხველი
შენც ქალაქიდან?