თუ მოდიოდა შავ სილიანი,
მან ნაპირები აღარ იცოდა,
არ ხმაურობდა, მაგრამ ზრიალი
იმის წიაღში მაინც ისმოდა.
იწვა რიონი თავზარდამცემი,
მღვრიე, მდორე და ხმაგაკმენდილი…
როგორც ავდარში ყანა ნაცელი,
იყო ნაპირებ გადახვეტილი…
ჩამოუვლიდა მრისხანე რუხად,
ხეებს, კამეჩებს ბარგს იტაცებდა;
შეუდგებოდა ფესვებში მუხას
და როგორც ასკილს ისე დასცემდა.
შემდეგ განაბულ ფოთის ნაპირებს
გადალახავდა, შიშით არევდა,
დაულეწავდა ხიდებს სატივეს
და ბორანს დროშად წაიმძღვარებდა.
ომს დაიწყებდა დაბალ სახლებთან,
რომ მოეტაცა მათი მშვიდობა;
ჩითის ჩვარივით კედლებს გახევდა
და იატაკზე გადავიდოდა.
იდგა ქალაქი სილიან ტბორში,
მისჩერებოდა ზეცას ავდრიანს,
კოლხიდის გულო, გეყოფა, მორჩი;
უკანასკნელი წელიწადია.
რაც გემუქრება შავი რიონი,
შენს გადალექას რომ აპირებდა,
უკვე რიონის ერთი ფიორი
წყალიც არ მოვა შენს ნაპირებთან.
უკუქცეული და შეზღუდული,
მიდის და მიაქვს თავის საბანი,
წელზე დაადეს მძიმე ურდული –
გაუტეხელი რკინის ქამარი;
უკვე მზადა აქვს სხვა კალაპოტი,
ის შორი გზიდან გადავა ზღვაში,
რა დიდი წვიმაც მოვიდეს მთაში,
ახალგაზრდობავ, მაინც გამოდი.
იქ, სადაც დარჩა ვით ნაკვალევი
ყოფილ რიონის გამშრალი ბუდე,
აქ თქვენ იხილავთ თქვენი თვალებით
და თქვენ მოუხდით ზეიმით ქუდებს.
ზღვას, რომ შემოვა პატარა ტოტით,
ისე ხალისით და ისე ტკბილად,
როგორც კოლხიდის ბაღებში მოდის
მტრედის გუნდივით ცინცხალი დილა.