ნიკო ლორთქიფანიძეს – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1918-1920

ადგილი :

საცავი : 25981-25-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ნიკო ლორთქიფანიძეს

ნიკო ლორთქიფანიძეს

 

ხარ მოელვარე ვით სატევარი,

ემორჩილები მზეს და იადონს,

მომეცი ნება, როგორც მწევარი,

ლექსი გაჩუქო ბუნებით ბატონს.

გაგიძნელდება ქვეყნის დანდობა,

მაგრამ ხარ მუდამ კეთილშობილი.

მიმონებს შენი დარდიმანდობა,

და იშვიათი ჩვენში პროფილი.

სოფლის წითელა, ყვავილი, ხველა,

გამოტირილი და სამძიმარი,

შენ იმერეთმა დაგანაღველა

როგორც პოეტი და პატიმარი.

ფუქსავატ ხალხში ხარ განდეგილი,

და შთაგონების ხარ ფალავანი;

თუ პოეზია გულაგლეჯილი

დღეს ძებნაშია ერთგულ სავანის,

ჩვენი დათმობა შენთვის წესია

დამშვენებულო ძმური თვისებით;

თითქოს გაგეხსნას შენ ეკლესია

ცოდვილ სულების პარაკლისებით.

მაგრამ საყდარში არავის ელი

და რჩება ლოცვა გაუმართველი…

ხარ დიდებული ქუთაისელი

და შენ ბრძანდები დიდი ქართველი.