მიმართვა კოლხიდას – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 29.04.1937

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 25981-4-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

მიმართვა კოლხიდას

მოვდივარ შენთან, მოვდივარ ნატვრით,

რაც გულში დამაქვს დიდი ხანია,

და სიყვარული მღელვარე მხატვრის

შენს მიწა-წყალზე მომიტანია.

 

რა საჭიროა, ხშირად გიხსენო

ბედი, შავბედი გადასულ დღეთა,

როცა, ლამაზო, დარბაისელო,

წყაროს თვალივით წამოსულს გხედავ.

 

მაგრამ წარსული ისე მძიმეა,

რომ მისი კვალი გემჩნევა დღემდე.

ნეტა მას, ვისაც გაუღიმია

თავდადებული ბრძოლების შემდეგ.

 

გულის სიღრმიდან დღეს მევალება,

ვიყო მეტყველი შენი სიამის,

დილა ვადიდო ცისფერთვალება

და ამაღლება ადამიანის.

 

იქნებ ძნელია პოეტის ტვირთი,

მემატიანის თქმა არ მჩვევია,

მაგრამ მე ხალხის სიხარულს ვითვლი,

რაც შენს კალთებზე შემიმჩნევია.

 

ლექსად იქცევა, რაც გამიტაცებს…

მე ვხედავ ხალხის შეტევას გმირულს,

შავ ჭაობიდან დახსნილ მიწაზე

ვხედავ ბალახის წვეტიან ფირუზს.

 

და ქალებს, წითელ თავსაფრიანებს,

რომ უხარიათ ნადურში დგომა,

მაღლა წითელი დროშა ფრიალებს,

რომ გაანათოს კოლხიდის შრომა.

 

ვხედავ, ჩემია შენი სამყარო,

და შენს გუშაგებს მეც ვეცილები,

რომ ერთიათად დღეს გავახარო

ჩემი ღარიბი ჩანგის სიმები.

 

ეს ჩემი გრძნობა კოლხიდამ იცის,

და ისე მიმღერს ჩემი ქვეყანა,

როგორც უნაზეს მეგრელი ძიძის

შვილობილისთვის ნათქვამი ნანა.

 

 

25981-4-ხ. პაოლო იაშვილი, მიმართვა კოლხიდას, 29 აპრილი, 193725981-4-ხ. პაოლო იაშვილი, მიმართვა კოლხიდას, 29 აპრილი, 1937