პაოლო იაშვილი – კოლაუ ნადირაძეს – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 18.12.1931

ადგილი : მოსკოვი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 28731-9-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

პაოლო იაშვილი – კოლაუ ნადირაძეს

ჩემო ძვირფასო, უსაყვარლესო ძმაო კოლაუ!

არასდროს არ მომნატრებია ისე შენი ნახვა, როგორც ახლა, ამ წუთში, და შენ რომ ახლა ჩემ გვერდით იყო, უბედნიერესი კაცი ვიქნებოდი. არ მეგონა, თუ შენ ასეთი გულჩახვეული კაცი იყავი. არც კი ვიცი, როგორ მოგწერო, როგორ აგიხსნა რისი თქმა მინდა ახლა შენთვის. მოსკოვში მე კვირაში სამჯერ მაინც ვარ გალპერინებთან. ერთად ერთი კაცი რომელიც ყანწელობას მიწევს აქ, თავზე მაკვდება, დღეში 3-4-ჯერ მირეკავს, ყოველ დღე მიძახის სახლში არის ლიუსიას ქმარი. შემაყვარა თავი, და მთელ მოსკოვს მოარხია ხმა, რომ მე ვითომ ისეთი კაცი ვარ, რომლის მსგავსი მას არასდროს არ უნახავს, გენიალური, ვაჟკაცი, რაინდი და არ ვიცი რამდენი ასეთი. პირველად მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ლიუსიას გავლენით, ლიუსიას უთქვამს მისთვის, რომ პაოლო მიყვარდა ყველაზე მეტად და ახლაც მიყვარსო. მეგონა, რომ ლიუსიას გულის მოსაგებად მევლებოდა თავზე, მაგრამ მე ყოველთვის მჯეროდა ლიუსიას სიმართლის თქმის და არ შემიძლია, ახლაც არ დაუჯერო. მან მითხრა „Лев Борисович безумно в Вас влюбился, когда Вы не приходите он мечется из угла в угол, я никак не предпологала, что Вы могли так его влюбить в себя“ – ეტყობა, გალპერინი ძალიან ჭკვიანი კაცია, მაგრამ არ მგონია მისი ჩემდამი დამოკიდებულება დიპლომატია იყოს. ერთი სიტყვით, მე მათთან ხშირად ვარ და თავს კარგად ვგრძნობ მათთან. ჩემთვის უხერხულია ახლა ლიუსიასთან დაბრუნება – მეორე მხრივ ძნელია იმ ბავშური გრძნობების ჩაქრობა, რომელიც ხან და ხან გამკრავს და მაბრუებს. ყოველ შემთხვევაში, მე ვეცდები მათი ერთობა არ დავარღვიო, ლიუსია ძალიან კარგად არის მოწყობილი, ნამდვილი ღმერთია, ძალიან გალამაზებული, კიდევ უფრო გულითადი და საყვარელი. მისი ტანჯვა ის არი, რომ ქმარი არ უყვარს და ერთ საღამოს ბევრი იტირა ჩემთან. წუხელ ვიყავი მათთან. სამი დღე ძალიან ავად ვიყავი, ცოტა გამოვრჩი. ვერ ავიტანე მარტოობა, და რადგან ახლა ავტომობილი გვყავს, გავბედე წასვლა. სჯობდა, არ წავსულიყავი. სრულიად მოულოდნელად, ლიუსიამ მიამბო ერთი ამბავი, რომელიც ჩემგან 15 წელი დაფიცული იყო. ჩემო საყვარელო შესანიშნავო ძამიკო! წერილში არაფერს მოგწერ, გეტყვი მხოლოდ, შენ ჭკვიანი ბიჭი იყავი ყოველთვის და როგორ დაუჯერეთ შენ და ლიუსიამ გათახსირებულ მიშა გელოვანს და ერთ გათახსირებულ გომბიოს. ჩემი ტკივილები უკანასკნელ დღეებში ცოტა დაშუშდა, მაგრამ წუხანდელმა ამბავმა სრულებით გამანადგურა, იმდენი შენს ბავშებს სიცოცხლე, რამდენი წუხელ ლიუსიამ იტირა, როდესაც გაიგო რომ ყველაფერი მოჭორილი ყოფილა. კოლაუ, გემუდარებით მეც და ლიუსიაც დაუყოვნებლივ ჩამოდი მოსკოვში, ჩამოდი თუნდაც 5 დღით, არაფერი არ გინდა. ახალგაზრდა კომუნისტის რედაქტორი ახლა ვ. მიქაძეა, უთუოდ გამოგიშვებს, შეიძლება მივლინებაც მოგცეს მოსკოვში, მადედან ტიციანი ბილეთს მოგიხერხებს, აქედან მე გავაწყობ. ფულიც სულ ცოტა გჭირდება, თუ საყიდლები არაფერი გაქვს, გემუდარები, დაუყონებლივ წამოდი. შენი არ ჩამოსვლა სრულებით გამიმწარებს დღეებს. გაიხსენე ყველაზე უფრო ტკბილი დღეები ჩვენი მეგობრობის და გახსოვდეს ჩვენი ახლა შეხვედრა ყველაფერს დაფარავს. დაუვიწყარი დღეები იქნება ორივესათვის. სრულებით უძინარი ვარ, და აბნეული გწერ, მაგრამ მაინც დამაჯერებელი უნდა იყოს ჩემი თხოვნა. ბევრს გაკოცებ, ჩემო საყვარელო ძმაო და პოეტო, ძალიან მომიკითხე ნინა, სთხოვე, მედეას მიხედოს, თამარსაც ნუ გარიყავს, ნელის ვაკოცებ.

შენი მარად მოყვარული ძმა პაოლო

18.XII. 31

[მოსკოვი]