კოლაუ ნადირაძეს – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 14. 09. 26

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზუმი, 28731-11

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

კოლაუ ნადირაძეს

ჩემო ძვირფასო კოლაუ!

შარუხის შეხედვამ გული ამიძგერა, მეგონა, ორივეს ერთად გნახავდით.

ცოცხლად მიამბობთ, თქვენს მოგზაურობას რომელიც, როგორც ეტყობა შარშანდელ აბხაზეთის ტურნეს ემსგავსება.

შენი ნინა სწერდა თამარს „Коля прогорает медленно но верно“-ო. ვატყობ, ჩემო კოლაუ, რომ შენ კომერციაში უბედო ხარ, მაგრამ ერთია სასიხარულო, რომ ასეთმა უიღბლო ტურნეებმა, ლექსების დახვავება იცის. მე მიმყავს ჩვენები ბათომში, დავრჩები იქ ხუთი დღე, შემდეგ თბილისში. იქიდან ისევ ბათომში, შეიძლება აბხაზეთისკენ შეუერთდე თქვენს ტურნეს.

სოფელში დავსწერე ლექსები, დავიწყე პიესა, ვიყავი წერის გუნებაზე, რაც ჩემთვის ძვირია.

როდის და სად გნახავ? ვცდილობ შენთვის კარგს ოთახს. უსათუოდ მოვახერხებ.

ჭიათურაში ნახეთ კოწია, რამეს დაგეხმარებათ. რომ ჩამოგესწროთ ჩემთვის „Окупил бы все расходы Ренессанса“. გიგზავნი ერთს ლექსს, მხოლოდ მიტომ რომ მოულოდნელია:

 

მეღორეს სიმღერა

უფალო! უსმინე შევარდენს,

მის ხელით გიგზავნი ბარათს,

მიშველე ღორებში ჩავარდნილს,

ღორებში დარჩენილს მარად.

როგორც რომ ბურვაკი პალოზე

მინდორში ბაწარით აბია,

მარტო ვარ, უფალო, დალოცე,

მეღორე ცრემლების ყლაპია!

უფალო! მომეცი სამხარი

ძაღლივით ამოსულს ცაზე

და შენი პერანგი ნახმარი

ჩამაცვი ცოდვიან ტანზე.

მომეცი ბავშებში ჩარევის

და მათთან თამაშის ნება,

უფალო! შენს გარდა არავის

არა აქვს ამის უფლება.

ფიქრები სამწყესო ღორებზე,

ყოველ დღე ცრემლებით მსჯიდა

უფალო! გალავნის ყორეზე

დამნიშნე ბეღურა ჩიტად.

 

არ ვიცი, რამ მათქმევინა ეს ლექსი.

აბა, ასე ჩემო ძმაო და ძვირფასო პოეტო! დაახვავე ლექსები, კრებულს ვსცემ „უნდა ავარდე, მამა პარნასზე“, უნდა ავტეხოთ „орудийная пальба стихов“.

აბა, იყავი მზად! ნუ დაიგვიანებ თბილისისკენ. გაკოცებ. ვაბარებ შენს თავს შარუხას.

შენი მარად პაოლო

14. IX. 26