ჩემო ძვირფასო, დაუვიწყარო მეგობრებო და ძმებო ვალერიან, კოლაუ, გოგლა!
ვწერ ღამის ოთხ საათზე, ლევანის ბინაში. ეს სახლია ქართველების და ქართული პოეზიის ბუდე. ყოველ საღამოს გაისმის ვაჟას და ხალხური ლექსები და არასოდეს ლევანი არ ყოფილა ჩემთვის ასე ნამდვილი და საყვარელი როგორც მოსკოვში. ტიციანი და ლევანი ხვალ მოდიან ტფილისში, და უნდა მოგწეროთ, რასაც ვფიქრობ ეს დღეები: ბედნიერები ხართ, რომ ჩემზე უფრო მეტს იცოცხლებთ ტფილისში და საქართველოს მიწაზე. ალბად ხვალიდან ყველაფერი უარესად გამოიცვლება; მოსკოვი მიჩვეულია გახიზნულ ქართველების ცრემლებს, მაგრამ შეიძლება არავის არ გამოყოლოდეს თქვენი და სამშობლოს სევდა როგორც მე. მაგრამ მე ეს მჭირდებოდა, და თუ ჩემი ხმა ძვირად გესმოდათ, შორიდან შევეცდები უფრო დავატკბო თქვენი იმედი, თქვენი ფიქრი – რომ ერთად ერთი გზა დამრჩენია, ვიმღერო და ვიმღერო, შეიძლება გატეხილი, მაგრამ ნამდვილი ხმით. ტრადიცია გრძელდება, და თუმცა ბატონიშვილი არა ვარ, მაგრამ გულუხვ ღმერთს ბატონიშვილებზე ნაკლები ძალა არ მოუცია ჩემთვის სამშობლოსა და პოეზიის სიყვარულისთვის. რაც უფრო სხვანაირი იქნება ჩემი ხმა, უფრო ახალი და მოულოდნელი იქნება ის თქვენთვის. არც თანამგზავრი ვარ, არც მოკავშირე, ვარ ერთი გზა აცდენილი კაცი, ასეთ მდგომარეობაში სისუსტეც მეპატიება. ვფიქრობ თქვენზე, ვფიქრობ მედეიაზე, და თქვენი სიცოცხლე მაძლევს იარაღს – მის მოხმარებას არ გადავჩვეულვარ.
ნუ დამივიწყებთ, მოსკოვის სიცივით ატანილს. ერთი თვეა თქვენი ხმა არ მომსმენია. ტიციანის ჩემთან ყოფნა ამას ნაკლებად მაგრძნობინებდა, ახლი კი თქვენი წერილების, ლექსების, დეპეშების და სადღეგრძელოების იმედი მაქვს. კარგად იყავით, ჩემო საყვარლებო. მომიკითხეთ სერგო და შალვა და ყველა თქვენები.
თქვენი მარად მოყვარული პაოლო იაშვილი