თეატრი – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1937

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 25981-32-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

თეატრი

ამ მოედანზე ოდესღაც იდგა ზრიალი საზარი,

იყო მონებით ვაჭრობა, ჭანელ ბავშვების ბაზარი,

ვინმე მთვლემავი ვაჭარი ხელს გაიშვერდა ტახტიდან

და საჭურისი არჩეულს თავით ფეხამდე გახდიდა.

გააჩერებდნენ გოგოებს შიშველ, დარცხვენილ ბიჭებთან,

და ოსმალეთის აბრაგი ვარსკვლავს ვარსკვლავში ირჩევდა,

ჩვენი კოლხეთის ქალები, ელვარე გიშრის კავებით,

სტამბოლის ვაჭრებს მიჰყავდათ ჩარდახიანი ნავებით.

მათ არ იცოდნენ თვალთმაქცი შეჰერეზადას ზღაპრები.

არ ჰქონდათ შემონახული პირდალესილი დანები.

უმანკოებას ჰკარგავდნენ ნავებზე ძალდატანებით.

შორს იყვნენ, აღარ შეეძლოთ სამეგრელოსკენ მოხედვა,

ეს ნაღვლიანი ამბავი დაიმახსოვრა კოლხეთმა.

 

ჩვენც მოვესწარით, ჩვენც ვნახეთ აქ სხვანაირი ბაზარი,

ძალმომრეობის რუსეთმა ამოაშენა ტაძარი.

ქრისტეს სახელით ვაჭრობდა სარწმუნოება კვიატი,

რომ მწარე სული დაეტკბო აღდგომის ევლოგიათი.

ვერ ნახა ამშენებელმა ვერც ლოცვა, ვერც ნეტარება,

ხელი ტოტივით გაუხმო დიდმა ოქტომბრის ქარებმა.

აღარ დასცალდა, წავიდა, მრევლიც დასწყევლა, დანავსა,

და მომაკვდავი ისმენდა საკუთარ სულთათანასა.

დარჩა პარტახი შენობა ბნელი და გულდარბეული,

ხავსმოდებული, საშიში და გუმბათჩამონგრეული.

 

ნეტა კაცმა როგორ იცნოს ეს შენობა ეხლანდელი,

ყოველ მხრიდან თეთრად მოჩანს ვით მაღალი ზღვის კედელი;

ყოველ მხრიდან კედელს მისდევს მარმარილოს თეთრი თაღი,

დაფარული ჩუქურთმებით, ქვეშ გაშლია მწვანე ბაღი;

მაღლა-მაღლა ადის ხალხი, გაბადრულა მხარე მწვანედ,

მარცხნივ ვუცქერთ ზღვას დიდებულს,

მარჯვნივ ვუცქერთ მთიან სვანეთს,

ვუცქერ ტანჯვით დაბადებულს, მიწას ძლიერს,

ხალხის საზრდოს,

და ფირუზის კუნძულივით მოელვარე პალეასტომს.

შეხვალ შიგნით, ნახავ დარბაზს –

სადას, ნათელს, კეთილშობილს,

ეს თეატრის შენობაა, ეს ტაძარი მაღალ გრძნობის,

ეს საბრძოლო ისტორიის მართალ სიტყვის ასპარეზი,

სად ღრმა ფიქრებს ემატება ხან რისხვა და ხან ალერსი.

სადაც ხალხი ხედავს გმირებს თავის საქმის მაგალითად,

სადაც ლექსი რუსთაველის იფანტება მარგალიტად.

და შექსპირის დიდი სული ღელავს სიტყვის შთაგონებით,

სად ზღვასავით ღრმაა გრძნობა ამ სიტყვების გაგონებით,

სად ბელადის აზრი მოჩანს და სიმტკიცე მისი ნების,

მისი სიტყვა თანატოლი, უმაღლესი ხელოვნების;

სადაც კაცმა თავისთავი ჭეშმარიტი სახით ნახოს

და წადილი დიდი ბრძოლის ერთიანად განაახლოს,

სადაც კაცი ნახავს მართალ, დიდ კოლხიდის მატიანეს,

სად ბუნების ბატონობას კაცის ხელი ატრიალებს,

და როს ჩვენი ქვეყნის მტერსა გმირი ხმალით ეკვეთება,

ისმის ტაში, როგორც ქარში ტალღის კლდეზე შეხეთქება,

და თუ კაცმა თავის ვალი, თავის კვალი აღარ იცის,

გაზაფხულის სეტყვასავით ხომ დააყრის ხალხი სიცილს!

 

კოლხიდაში, სადაც მწვანე აფრებივით ელავს დაფნა,

სადაც მწიფე ნარინჯები იღვრებიან ყვითელ თაფლად,

სადაც ხარობს ევკალიპტი, მედიდურად ჰყვავის ნუში,

მის ქალაქში, ნავსადგურში, მთელს კოლხიდის შუაგულში,

დგას ტაძარი მაღალ გრძნობის, ზღვის სივრცეებს გადაჰყურებს

და უგზავნის ქვეყნის სალამს შორს მიმავალ მეზღვაურებს.