თავდაპირველ მოსახლესთან – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1937

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 25981-5-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

თავდაპირველ მოსახლესთან

ჩვენ შევდივართ ბინაში, ვდგავართ ახალ ფარდაგზე,

გამარჯვებას ვიძახით, ვამბობთ: „აქა მშვიდობა“.

მასპინძელო, აგიხდა, სიღარიბე არ დაგდევს,

არ გაწუხებს ჭაობი, აღარც უამინდობა.

 

ოთახების სინათლე ზღვის ტალღების ფერია,

მუთაქები ელავენ იისფერი ხავერდით;

წინ სურათი ჰკიდია, ქვეშ სტალინი სწერია,

შევეხარეთ აღმშენებელს და ეზოში გავედით.

 

სდგას სიამის დარაჯი: კარგახსნილი ნალია,

თითქოს დიდი ნავია სხივებით ავსებული,

ტაროებში ჩამდგარი სახლის პატარძალია

და მთელ ეზოს ანათებს შუქი ქარვისებური.

 

ეს დაბალი ნერგები ნარინჯების რაზმია,

მათი ფართო ჩრდილებით ბალახი დაფარულა;

თორმეტი წლის ვაჟიშვილს ცხენი შეუკაზმია,

რომ ყორათის სახელით დაამშვენოს მარულა.

 

ომობს, აღარ იოკებს ეს პატარა გარემო,

ჭიშკრისაკენ ბილიკი ელავს, როგორც სალესი,

სამშობლოდან მოსულო მტრედისფერო ქარებო,

მიახარეთ კარიბჭეს მეგობრული ალერსი.

 

მიახარეთ მიდამოს სამუდამო აღდგომა,

ხეებს – დიდი ჩრდილები, ღელეს – ჩქარი დინება,

ბავშებს – უბე ავსილი, რუებზე გადახტომა,

სოფელს – შრომა, ნაყოფი, ლხინი, გულმოდგინება.

 

წამოიწყეს გაღმიდან მეგრული სიმღერები,

ხმა ეზოებს გამოჰყვა, როგორც ქარი ბალახებს.

მასპინძელიც ღიღინებს და მაგარი ხელებით

თავთუხისფერ კრამიტებს ვაზნებივით ალაგებს.

 

როგორც აყვავებული იასამნის ტოტები,

დაეფინა საღამო ამაღლებულ სახურავს,

და სულიერ სიმშვიდით, კარ-მიდამოს ვშორდებით,

სადაც შრომამ ასეთი ჯილდო დაიმსახურა.

 

ცხოვრებაში ყოველთვის ალბათ გვემახსოვრება

კაცისათვის ნამდვილი სიამის სამყოფელი,

ეს სტალინის ამაგით დადგენილი ცხოვრება

და მის საბედნიეროდ გაჩენილი სოფელი.

 

25981-5-ხ. პაოლო იაშვილი, თავდაპირველ მოსახლესთან, 1937