ასპინძის ომი – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1937 წლამდე

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ასპინძის ომი

II

ელიან ხარბად. მოლოდინში იცლება სული.

თბილისი ჟღალი, ჭორფლიანი დღეს არი ავად.

მაგრამ გაჩნდება მეომარი ფერგადასული

და – შიშის დამბლა დააწვება ქალაქს უძრავად.

 

ისმის ტირილი, ჭირვეული ქალთა გოდება.

ზარების გლოვა, აქლემების ზმუილი ნელი.

სდუმს ნარიყალა ამართული მძიმე ლოდებათ.

არვინ გაჩნდება სიკვდილისგან გადამრჩენელი.

 

მზე დაწყდა სისხლად. ჟანგისფერი მძიმობს ჰაერი,

ხმა საოცარი ბრბოს მოედო, როგორც სახადი.

გაწითლდა მტკვარი და შეიქნა სისხლის ნაირი,

და საკვირველად იცრემლება ღვთისმშობლის ხატი.

 

ვეღარ მალავენ: „დამხსნელია მხოლოდ უფალი

­- გამუსრეს ჯარი, დაიღუპა ბატონიშვილი!“

გაეშურება სიონისკენ დღეს დედოფალი,

ატირებული, თავდახრილი და ფეხშიშველი…