ცეცხლით ავსილო! პოეზიის მძიმე ჩვენება,
ხარ ქრისტეს ჯიშის და გაკლია მხოლოდ აღდგომა,
ევროპის ზურგზე შენი ჩქარი გადაჭენება
დარჩება ცაზე განთებული ირმის ნახტომად.
პარიზის კერპებს მოევლინე ბავშვი – უფალი,
მაკადამებში35 ჩაიტანე მზე უნახავი,
დასტოვე სიტყვა, როგორც მეფე ნატრიუმფალი
და მხოლოდ ერთი სილამაზე გაუძრახავი.
მთვრალი ხომალდით აცურავე ოქროს ჭვირთები,
იოლი იყო შენთვის ქვეყნის გადახეტება,
უფეხო რემბო! მოწინავედ მგოსნებს გვჭირდები,
თორემ ლალი და მარმარილო გადიხვეტება.
ტირილის დროა! და ქვეყანა მოდის ლაჩრობით,
ძველი ევროპის სქელი ფაშვი დღეს იფატრება.
გამარჯვებულო ხეტიალით, ჩხუბით, ვაჭრობით,
არტურ მართალო! გვინდა შენთან დაბინადრება.