ცაზე ვერცხლის მერცხლები
სხედან ლურჯ ბუდეებში,
მთვარე ცივად ეცემა
შქერის ტყეში გამართულ
ტოტების ბადეებში.
მთვარე, თეთრი ხოხობი
გაეხირა ტოტებში,
ძაღლი, მცველი ორღობის
ღამეს ათევს ყეფაში და
ძაღლურად ბოდვებში.
ალვის ხეებს აცვიათ
სირმიანი ნაბდები,
ტკბილი სიზარმაცეა
და მდინარეც სავსეა
თითქოს _ თეთრი ბატებით.
ჰაერში დაფარფატობს
უბედური ღამურა,
ნეტავ არვინ დაფანტოს
ხმები იდუმალების,
ქცეული სალამურად.