კოტე მაყაშვილს – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 01.09.1921

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზუმი, 27206-7-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

კოტე მაყაშვილს

უძვირფასესო კოტე!

დაგვაღონა შენმა „შემთხვევამ“ სადგურზე, მაგრამ რა არის ეს მცირე ეპიზოდი შედარებით იმასთან, რაც შენ შეგხვედრია და გადაგიტანია გმირულად ცხოვრებაში. შენი იმედი გვაქვს ჩვენ, შენ მოყვარულ ქართულ მწერლობას კი, იმედი გვაქვს, ვერაფერი ვერ შეაჩერებს და შეზღუდავს შენს უანგარო და წმიდა სამსახურს ქართული ხელოვნებისათვის. იმედი გვაქვს დაისვენებ სოფლად კარგად და დაგვიბრუნდები როგორც პოეტი, თავჯდომარე, ტენორი და მონადირე.

ფულმა გაგვტანჯა. მწერალთა კავშირისაგან ავიღეთ მცირე სესხი. ჩვენ გიგზავნით ასი ათასს, სულ ეხლა ორასი გეგზავნება. გაძლევ სიტყვას, რომ ხუთს დღეში ამდენსაც მოგაწოდებთ და შემდეგაც ვეცდებით ჩვენი ქვეშევრდომი ყურადღება მივაპყრათ ჩვენს ღირსეულს პრეზიდენტს. დიდი მადლობელი ვარ ნაზი და მოყვარული ბარათისათვის. ჩემი ქორწილი პირველ ენკენისთვეს იქნება – ვიქნები ბედნიერი თუ იმ დღისათვის შენ გნახავ ჩემს იმერულ ქორწილზე როგორც თამადას და უფროსს. ჩვენი ჯავრი და დარდი – ქართულ ხელოვნების ნუ გექნება. ყველანი დარაჯად ვართ შენი საყვარელი საქმისა. იყავი ბედნიერი, მხიარული და შთაგონებული, გელით დატვირთულს ლექსებით, სოფლის სიწმინდით და ენერგიით.

შენი მარად და მარადის იქით პაოლო იაშვილი