Тифлис, ССР Грузии, აღმასკომის (ყოფ. სოლოლაკის) ქუჩა. სახელგამი. ვალერიან გაფრინდაშვილს.
18. XII. 31.
ჩემო ძვირფასო ვალერიან!
„შენი ხმა არა მსმენია, გასჭერ გამიშვი, ნინაო“. რად დამივიწყე. შენ ძალიან მორიდებული კაცი ხარ, მაგრამ საჩემოდ მაინც მონახავ სიტყვებს – სიტყვების ოსტატი. მოსკოვში მარტოობა შენ გამოცდილი გაქვს, ამიტომ მწყინს შენი სიჩუმე. მე ჯერ დაბნეული ვარ, მაგრამ იმედი ბევრი მაქვს. რასაც ვფიქრობ, თუ მისი დაწერა შევძელი, ჩემი წამოსვლა არ გამტყუნდება. ფიქრი მარტოობაზე და თქვენ სიშორეზე, ძალიან მაღონებს, მაგრამ გაჭივრების აღარ მეშინია, არც იმისი მეშინია, რომ საქართველოში ახლა მე „საწყალს“ მეძახიან. დამშვიდებისთვის მე ღმერთი არ მომაცლის, და სულ ერთია, რომელი ზღვა დამაღრჩობს. მოსკოვის სიზღაპრე ჯერჯერობით მე ვერ გავიგე, და ის ჩემთვის მხოლოდ ტერიტორია არი. პოეტებში და მწერლებში ჩვენებური ელვარება შევიტანე და ახლა ჩემთვის უფრო გასაგებია მაიაკოვსკის უპირატესობა. ყანწელებისთვის გასაკვირი არაფერია და ჩვენი ფასი შემდეგ გამომჟღავნდება. ტიციანს მოვწერე ამის შესახებ. ნუ დამივიწყებ ვალერიან, შენი ჩემთვის საყვარელი ღიმილი ღია ბარათშიდაც გამოჩნდება, და ყოველი სტრიქონი მდინარე რიონივით ამაღელვებს. „სვოდკები“ პოეზიის შესახებ ტიციანის სახელზე გამოიგზავნება, საერთო წასაკითხად. დიდი მოკითხვა ირას, შენ და ნანას გაკოცებთ.
შენი მოყვარული და მონატრული
როგორ არი ალი, მომწერე ამის შესახებაც.