წიგნიდან „ლირიკული ზაფხული“ საქართველოში
(ნეტარი მღელვარება)
1
სოველი ბარის სიგრილე
და ჩეროები რბილი,
დილა, ბარისთვის მიგვრილი,
მისდევს ბალახის ბილიკს.
გედების დასტა მიაპობს
ოქროს ზეთიან ჰაერს,
და ეს შრიალი მიამბობს
ჯერ წაუკითხავ შაირს.
ნელა მისცურავს მდინარე
მიწაც მისცურავს ნელა;
ნეტა ჩემს გარდა ვინ არი,
რომ ასე ჩუმად ღელავს.
2
წმინდაა ზეცა, მიწა გრილია
პატარა ჩერო ადგია ეზოს,
ხეები ჩუმად თავდახრილია
ვარ ბედნიერი და უმიზეზო.
მე თითქოს თვალით ბავშობას ვხედავ,
მე თითქოს ვუსმენ ბავშობის წუთებს
ასე მგონია, მოვა ეს ხე და
მკერდში ძმასავით მე ჩამიხუტებს.
მგონია თითქოს ქვეყანა მთელი
არის პატარა მესკიას ფუძე,
ასე მგონია, ნიავი ნელი
როგორც ბულბული შეფრინდა ქუდზე.
წმინდაა ზეცა, მიწა გრილია,
პატარა ჩერო ადგია ეზოს,
ხეები ჩუმად თავდახრილია,
ვარ ბედნიერი და უმიზეზო.