ოთარ შოფერი – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1936

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ოთარ შოფერი

მოიყვანა მამამ ავტო,

უბენზინო და უნავთო;

გრძელი არის, ჭრელი არის,

საგზაო და სააღმართო.

 

უთხრა ოთარს: „ჩემო ოთარ!

აბა ახლა თუ ივარგე,

ეს მანქანა უნდა მორთო

და გაწმინდო, როგორც სარკე“.

 

ოთარს ძლიერ უხარია,

გაიძახის: „ეს რა ვნახე!“

ზამთარში რომ ბუხარია,

ისე ელავს მისი სახე.

 

სულ პატარა კარავში

გააკეთა გარაჟი,

და პატარა მანქანა

გარაჟში შეაქანა.

დაუწმინდა პედლები,

აქეთ-იქით არხია;

გაუკეთა ის თვლები,

ფარებს რომ ეძახიან,

ჩამოჰკიდა წინ და უკან

მეთორმეტე ნომერი…

აბა, დედა, ჩქარა „ნუგა“,

დაიღალა მშრომელი!

 

გამოვიდა ქუჩაში, დააჭირა პედალი

და გასრისა დედალი.

გამოვარდა მამალი,

ტირის,

ყვირის,

ყვირის,

ტირის:

„სად ვიშოვო წამალი,

სად ვიშოვო იოდი,

სად ვიშოვო სახვევი?!

აქეთ რომ მოდიოდა,

იქით ვერ გადახვედი?“

გამოცვივდნენ ბავშვები,

ხმაურია ძლიერი,

აღარ არის საშველი,

მოდის მილიციელი…

 

მამალს მოდის ღვარ-ღვარად

ცრემლი შეუშრობელი…

აბა ოქმი, ოქმი ჩქარა!

რომელია შოფერი?

შეადგინეს დიდი ოქმი,

ჩაერივნენ ყველანი…

ოქმს დასჭირდა ერთი დოქი

იისფერი მელანი.

მერე ქათამს უქაქანეს,

ეძახოდნენ „აქში, აქში“,

დედალი კი გააქანეს

ჩვენი უბნის აფთიაქში.

დედლისათვის თურმე ფეხი

მოეტეხა ბოროტ პედალს;

მოიტანეს წმინდა ხერხი

და მოხერხეს ფეხი დედალს,

ასე მოხდა… ამის გარდა

ასეც მოხდა მკათათვეში:

სასამართლო გაიმართა

კოჭლი დედლის საქათმეში,

გაიმართა ლაპარაკი,

ლაპარაკი ლაპარაკზე,

მოითხოვეს აგარაკი:

„გაიგზავნოს აგარაკზე“.

დაადგინეს: „რადგან, რაკი

უვიცობა აღიარა,

დედლისათვის აგარაკი

აირჩიოს – სხვა კი არა, –

ან კოჯორი, ან კიკეთი,

დაუმზადოს სუფთა ხრეში,

აურიოს ქერში ფეტვი

და აჭამოს სამჯერ დღეში“.

 

მიჰყავს ოთარს, აღარ იცდის,

დედალი და მისი ბუდე…

მე კი ოთარს შეცდომისთვის

ერთი კვირით გავებუტე…