ღმერთო! შენ დაამშვიდე ჩემი მამული,
ის არის სისხლით დანამული.
მან არ იცის – სიხარული როგორია!
უფალო! ჩემი ხვეწნა – ამბორია.
წინათ მას სდარაჯობდა ქალწული ნინო,
დღეს კი ქართველი სამშობლოში არი ულხინო!
ღმერთო! სად არი ჩვენი ბედი, ჩვენი იღბალი!
სუსტი ვარ, მაგრამ მენატრება გმირების ხმალი!
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი და წმინდა – როცა.
როცა მხურვალეთ მომინდება მამულზე ლოცვა.
მაგრამ მე ვიცი, არ დაგვტოვებ უფალო ისთე –
რომ კიდევ ერთხელ არ მოვიდეს ახალი ქრისტე,
რომ კიდევ ერთხელ არ ვიხილოთ მტრის მორჩილობა
და სიხარულით შევიხვიოთ მკერდის ჭრილობა,
ღმერთო! გვისმინე! ნუ დაგვტოვებ ქართველებს მარტო,
მე აღარ ვიცი როგორ გითხრა, როგორ მოგმართო!
ქვეყნიერების სიხარული როცა იწყება,
მე მეშინია საქართველოს გადავიწყება.
უფალო! შენ ხარ ქვეყნის მეფე, ქვეყნის მართველი,
დიდი ხანია შენს წინაშე იწვის ქართველი!
და ჩვენი ლოცვა დღეს სხვა ლოცვას აღარ ედრება,
უკანასკნელი გავიგონე ღმერთო ვედრება!
ასტამურ შერვაშიძე (პაოლო იაშვილი)
გაზეთი „ჩვენი მეგობარი“, №316