პატარა ბალიშს დაეცა ცრემლი,
პატარა ფილტვებს მიეპარა ჭლექი და ხველა…
ჩამოწყდი როგორც ყვავილი ტყემლის,
შენ, რომ იყავი საიდუმლო და ჭიანჭველა.
სამარადისო ნისლს დაუბრუნდი.
მაგრამ მგზავრობას შენსას ჰქვია: ბავშვის სიკვდილი.
ასე მგონია ფუტკარის გუნდი
დაესეოდა შენს მკვდარ სხეულს, ტკბილ სხეულს – ლილი.
შენ ბავშვობიდან გელოდენ ცაში,
ჩვენც მოგელოდით: განშორება უფრო ძნელია,
მაგრამ მე მჯერა, თავის საბანში
შენ მიგიღებენ ბეატრიჩე და ოფელია.
ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, №7