სდგას პოეზია საპატიო, ერთგულ დარაჯათ
მეექვსე ღამე! სდგას თბილისი ვით სასაფლაო.
უნდა სიჩუმე გამოცხადდეს ერთი საათით
მთელ ქვეყანაზე – მაშინ როცა კლარა ცეტკინი
მოსკოვის წითელ მოედანზე, სტალინთან ერთად
უზრდელ მიწაში ჩაასვენებს ლენინის ცხედარს.
რჩეული ჩემგან ბრძოლის ყველა ბარრიკადებზე
იყო ლიბკნეხტი! ნაღმით სავსე დინამიტებით
მესმოდა მისი ხმა, ყვირილი მისი, ზრიალი,
როდესაც ერთი უცხადებდა ომს გერმანიას.
მაგრამ ლიბკნეხტის არჩევანი იყო ლენინი,
ლენინი იყო არჩევანი ქვეყნიერების.
ვიცი, ჩინეთში მებადური ჩამოხეული.
რომლის ცოლ-შვილი ნაგავივით ქუჩაში ყრია,
ახლა აკერებს თავის ბადეს და სტირის ლენინს!
ვიცი ყოველთვის ცეცხლდანთებულ ირლანდიაში
მეამბოხენი სადმე ტყეში სტირიან ლენინს!
ისპანიაში, მჯერა, ამ წუთს აღარ მღერიან,
და აჩერებენ თავის გემებს მეზღვაურები.
ამხანაგებო! ჩადგა წუთით ოქტომბრის ქარი,
ვიმღეროთ ერთად პოეტებო მარში გლოვისა
მინდა ნიკიშის გაქანება, რომ შევადგინო
ხორო ათასი და მილიონ ატირებულთა.
ამხანაგებო: ბესო, ლევან, არჩილ, ზალიკო!
გახსოვთ თბილისში ღამეები, როდესაც ჩვენთან
ჩამოიტანეთ აკივლება მეცხრამეტე წლის,
როცა მოედვა დიდ პეტერბურგს ტიფი და ცინგა,
როცა ბავშები სთხოვდენ ლენინს მხოლოდ ნატეხ პურს.
როცა ლენინი დასტიროდა დამშეულ ბავშებს
და თავს უყრიდა როგორც გამხდარ, ყვითელ წიწილებს!
ლენინის კუბოს მინდა ახლა შემოესიონ
ჩემი სიტყვები ვით მტირალა, ჩუმი ბავშები.
ამხანაგებო, ჩადგა წუთით ოქტომბრის ქარი
ვიმღეროთ ერთად პოეტებო მარში გლოვისა.