წერილი ანნა ახმატოვას – Blue Horns

ავტორი : ელენე დარიანი

თარიღი : 1922

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

წერილი ანნა ახმატოვას

მე მინდა გითხრა სამძიმარი,

რომ ბლოკი მოკვდა!

ხან და ხან ჩუმი და მძინარი

მეცა ვარ ბლოკთან.

ჩამოდი ჩემთან. მე მგონია

ვიქნებით დები:

თუ პეტერბურგის აგონია

გიყვარს… და ვცდები.

თბილისის მადლი და შვენება

გიშველის, ვიცი.

ორივეს ერთად გვეჩვენება

წასული პრინცი.

შენ დაღალული გიბანია

სხეული ნისლში…

ჩემი ქვეყანა ისპანია

არი ივლისში.

მე ცოტა მიცნობს: სხვანაირი

მეწვია ბედი.

შენთვის საჩუქრად მაქვს დაირი

და ოქროს გედი.

ჩვენი მზე, ჩვენი მხარე ლურჯი

ლოყებს აგინთებს;

აკოცე შენი ცივი ტუჩით

თამარის თითებს.