ძახილი – Blue Horns

ავტორი : ელენე დარიანი

თარიღი : 1915

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ძახილი

ძახილი

 

მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამ წყება…

მარგალიტები, იაგუნდები…

არ შემიძლია შენი სახის გადავიწყება!

არ დაბრუნდები?

თეთრ შემოსილი ვწევარ მე შენს ნაცნობ საწოლზე,

სევდიანია ღამე მძინარი;

ნუ თუ არ ფიქრობ, სანატრელო, შენს სათუთ ცოლზე?

არავინ არი!..

ჩუმად ვკითხულობ შენს ძველ წერილს

ყვითელს, დახეულს…

სხვა რა მაქვს შენი მე ამის გარდა?

მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ მკლავებს,

ჩემს დამწვარ სხეულს,

შენ რო გიყვარდა…

მაგიჟებს სითბო, ვერ ვიგუე ფარჩის საბანი,

ჩემს ოთახს ავსებს შენი ლანდები.

სანატრელია ყველასათვის დღეს ჩემი ტანი,

ნუ გვიანდები.

არ შემიძლია დავიწყება შენი სახისა…

დავფარე ტანი ბნელ ნაწნავებით;

ვიხუტებ ვნებით მსუბუქ ჰაერს ჩემ ოთახისას

თეთრი მკლავებით.

 

ელენე დარიანი

გაზეთი „მეგობარი“, 33