მე სოფლის ამბავს შენ მოგიყვები,
(შენ რომ ჰკოცნიდი ტუჩების კიდეს);
ისე დაზრდილან ჩვენი იხვები,
რომ პეპლაობა დაიწყეს კიდეც.
შემომეჩვიენ ჩუმი მტრედები.
თმას მიხილავენ ლურჯ ნისკარტებით.
ამ სიყვარულით ნაიმედები,
თავს ვიმშვიდებდი სოველ ვარდებით.
ვკითხულობ ვაჟას48, ვიძულებ პოეს49,
ვნატრობ სუსხიან მწარე ამიდებს;
ზურგს ვუფხან დღისით პატარა ხბოებს
და საღამოზე ვიფერავ თითებს.
ვწოვ ყურძენს, როგორც მკივანა ბზიკი,
ტყეში ვნახულობ მე წითელ სოკოს;
ხან მღვრიე მაჭარს ვსვამ რგვალი ჭიქით,
ხან ვგავარ სოფლის მკერდ-სავსე გოგოს.
წვიმაში ვარჩევ სიმინდის ტაროს
და ლამაზ ტაროს ვაკოცებ უცებ,
მერე კი ვათევ ღამეს უმთვაროს,
და იჭვით სავსე გულს არ ვახუცებ.
სოფ. ავლევი