ფერადი სონეტი – Blue Horns

ავტორი : ელენე დარიანი

თარიღი : 02.1916

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ფერადი სონეტი

მომდურავ თავადს მე ვიგონებ ნაზი ზმანებით.

წაიღო კოცნა და ნაწილი ჩემი პერანგის;

ყველას გიყვარდათ, _ სიყვარული მეც დამანებეთ…

მე მოვიტანე ელვარება ფერადი ჰანგის.

და ჩემ ცელქ ფეხებს ენატრება რკალი უზანგის,

არავის კოცნას არ ვიგონებ მე დანანებით;

მე გამეხარდა გაღიმება ბავშვური ზანგის,

ყვითელ ქაირში რომ ვაჭრობდა მკრთალ ბანანებით.

მე ერთი ვნახე და ვეღარ ვსთქვი თამამი `არა~.

და მომეწონა რომ მფარავდა მე ოქროს ბადე…

მე მიხარია ბნელ თვალებით რომ დავიბადე,

რომ ბედში ვცხოვრობ და ტრფობისთვის მაინც არ კმარა…

თეთრი თავადის დაბრუნება მე თრთოლვით ვცადე,

ავტირდი ჩუმად, როცა რაში ტყეს მოეფარა.

 

ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, №1