უნდა აყვავდეს მალე ქვიშნები,
უნდა ბალახი დილამ დართვილოს:
მე ამ ზაფხულზე დავინიშნები
და მივატოვებ ჩემ საქართველოს.
მე დავშორდები ძვირფას პოეტებს
და თან წამყვება ვაჟას კრებული;
ჩემ ლექსს ბალიშ ქვეშ ვინ ამოიდებს
ჩემი კოცნებით გაოგნებული.
ჩემო ქვეყანა, მეტად ძნელია
შენი დაკარგვა და დატოვება;
სოფლის ბავშვები აღარ მელიან
არ მელის მუხა ათასრტოება.
ჩემო ქვეყანა, ვიცი, პარიზი
არი გულის და თვალის ამხელი.
ვიცი მომელის მე უარესი,
ალბად გატყდება ჩემი სახელი.
აქ ჩემ სულს კიდევ მზე მოუვლიდა,
დაშორებულს კი ვეღარ მიშველი;
იქნებ დაიწყოს ცოდვა ლუვრიდან
და გადავიქცე მე ბულ მიშელი.
მაგრამ არ მინდა ლხინი ჭიქების,
მინდა მივიდე შეუცოდველი
ყრუ მონასტერში კათოლიკების,
სადაც მიკითხავს ლოცვას კლოდელი.
მაშინ დავცინებ მე ჩემს საროს ტანს,
უკვე დაქანცულს ვნების წვალებით…
მე ვეღარ მივალ სოფლის წყაროსთან
და ვერც თამაშით დავიღალები.