ზამთარში – Blue Horns

ავტორი : ელენე დარიანი

თარიღი : 1915

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ზამთარში

ჩემი ოთახი ცისფერია, ნაზი ფერია,

ცისფრად მორთული დამიხვდები, გააღე კარი;

ლოდინის წუთი დღეს ისეთი მშვენიერია –

ვით პირველ ღამეს, პირველ ღამეს ჭაბუკი ქმარი.

 

რად დაღალულა ყვავილები ვენერას მკერდით,

მზის სიხარული ჩემს ფანჯარას რად ერიდება?

შიშით გადავშლი ერთმანეთს რო წერილებს ვწერდით,

და ჩემს არსებას ძველი ალი მოეკიდება.

 

მტრედის ფერ თოვლით ჯერ სამყარო არ დაფარულა,

მაგრამ მოსცილდა მას სიმწვანე გასახარელი!

ჩვენმა ოცნებამ გაზაფხულზე იმხიარულა,

ახლა კი მესმის: ის არ მოვა, მას აღარ ელი.

 

უხმოდ დასრულდა დღე უმზეო და მგლოვიარე.

მენატრებოდა – და გულს აღარ ეიმედება.

ჩემი სხეული ცივი არის, როგორც ის მთვარე,

ჩემს ფანჯარაში სიკვდილივით რომ იხედება.

 

 

გაზეთი „მეგობარი“, 62