დილა – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1933

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26686-3.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

დილა

დილამ დაასწრო ჩასაფრებულ ფიქრის სიმარდეს,

სიჩუმე ქვიშას ეფინება გამთბარ წუთებად;

ხელისგულიდან სიო ძირს რომ გადამივარდეს,

მწვანე ბალახში წივილივით დაფაცურდება!

 

საბავშვო ნავებს ჰგავს იხვების მცურავი ფარა,

ხის წვრილი წვერო დაემსგავსა ანთებულ ასანთს,

ჯერ დაბურული ტყის წიაღი არ გამომთბარა

და ფრინველების აფეთქება არ ისმის არსად!

 

მაგრამ გალობამ შეარხია უცბად ბუნება:

ბალახში, ტყეში, ხმა ძვირფასი სიომ დაბანდა,

იგი მდინარის გაშლილ სარკეს ეწკარუნება

და მცურავ იხვებს უშხაპუნებს ხმები საფანტად.

 

კლდის ნაპრალები ამ განთიადს დინჯად ელიან;

მყვინთავებივით ფერდოებზე მუხები ჩანან,

და ლურჯ ჰაერის ელვარება ისე სქელია,

რომ დიდ მდინარეს ემატება ზეციურ ფშანად.

 

მაგრამ ახალი ხმაურობით და ამბოხებით

გამოწვეული სიხარული აღარ ნელდება:

როცა მუშებმა დაუშინეს ყანებს თოხები

და ნედლი მიწა გადმოგორდა ფართო ბელტებად.