ჯერ არ დამცხრალა ჯიუტი ომი,
დაუდგრომელი, ქარივით მკვეთრი
და ატორტმანდა ჩვენი ბათომი
მწვანე ბათომი მაისის ხვედრი.
სულთანის ხარბი და ჭროღა თვალი
უცქერს ქალაქო შენს ნოხურ ბაღებს;
იისფერ ზღვაში მზე ჩამავალი
ძველებურ ლხენით თვალს ვეღარ აღებს.
და შენს მეომარ ამართულ მთაზე
სძინავს ზარბაზანს რუსული მილით,
მაგრამ ართვინის მტვერიან გზაზე
ახალი ურდო მოდის სიფრთხილით.
ცხვრის ქონით უნდა ფერადი ნოხი
და მოაღწია საზღვრებთან მტვერმა,
მას უკან დარჩა უკვე ჭოროხი
რომ გადალაქოს ჟანგისფერ მტერმა.
უკვე იწყება მრისხანე წამი,
წამი რომელიც ძვლებს დაახვავებს,
უკვე შეირხა ზღვასთან ლერწამი,
ბათომის ცაზე მე ვუმზერ ყვავებს.
ამხანაგებო! ნუ ხართ დარდულად,
დღეს საქართველო მე ვეღარ ვცანი,
დროა აყვირდეს უკვე ქართულად
მრისხანე თოფი და ზარბაზანი.
ბრძანება ისმის და სმენა ჩქარა,
გაშალეთ მზეზე კრიალა ხმლები,
ან დავიბრუნოთ ჩვენი აჭარა,
ანდა ბათომთან დავტოვოთ ძვლები.
ადრე სულთანი ნუ გაიხარებს,
აღმოსავლეთის ადრეა ტაში, –
ჩვენ დავიბრუნებთ ბათომის კარებს,
მწარე იქნება ჩვენი რევანში.